„ბორჯომზე“ უარის თქმა გვიანია - მოსკოვი თბილისს ეკონომიკურ სანქციებს არ გამოუცხადებს

„ბორჯომზე“ უარის თქმა გვიანია - მოსკოვი თბილისს ეკონომიკურ სანქციებს არ გამოუცხადებს

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი არ დაუჭირა სახელმწიფო სათათბიროს წევრების იდეას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ  რუსი დეპუტატები უკანდახევას არ აპირებენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიგაზეთ «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტს უთხრეს, რომ მოსკოვი კმაყოფილია ოფიციალურითბილისის რეაქციითტელეარხ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ ინციდენტზე. თუ მოსკოვისა და თბილისის დამოკიდებულებაში ასეთი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში არ გამორიცხავენ, შეიძლება განახლდეს პირდაპირი ავიარეისები და უფრო მეტიც - დაუბრუნდნენ სავიზო რეჟიმის გაუქმების თემის განხილვას“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ვლადიმერ სოლოვიოვი).

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ერთი დღის განმავლობაში სიტუაციის გამწვავებაც მოხდა და განმუხტვაც: ჯერ იყო და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, ყველა ფრაქციის წევრებმა (რაც საკმაოდ იშვიათად ხდება) ერთხმად მოითხოვეს თბილისის დასჯა ეკონომიკურ-ფინანსური სანქციებით. რაღაც მომენტში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ 2006 წლის მოვლენების გამეორება ხდებოდა, როცა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტას რუსეთიდან ქართველი მოქალაქეების დეპორტაცია მოჰყვა.

მაგრამ შემდეგ სათათბიროს მიერ შემუშავებულ სანქციების მექანიზმის პრაქტიკულად ამუშავება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეაჩერა: საბოლოო ჯამში, სწორედ მასზე იყო დამოკიდებული დეპუტატების სურვილის შესრულება.... და პრეზიდენტმაც ვერდიქტი გამოიტანა: საქართველო არ „დასაჯა“. მართალია, სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ მაინც განაცხადა, რომ „ჩემი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილაო“, აწი უკვე შეიძლება ითქვას, რომ ანტიქართული სანქციების დაწესების ალბათობა ნულის ტოლია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, მათ იციან დეპუტატების თვალსაზრისი, მაგრამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მათთვის უპირველესია: „საბოლოო სიტყვა ყოველთვის პრეზიდენტს ეკუთვნის. განა ახლა ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს სანქციების ბრძანებას, რომელთა დაწესებაზეც მან უარი განაცხადა?“, - აღნიშნა «КоммерсантЪ»-თან მოსაუბრემ რუსეთის თეთრი სახლიდან (მთავრობის ოფისიდან).

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, შეაქო საქართველოს ხელისუფლება ტელეარხ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მოვლენების მიმართ გამოვლენილი რეაქციის გამო და აღნიშნა: „ჩვენ მშვენივრად ვიცით, ვინ აკონტროლებს ამ ტელეარხს. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ძირის გამოთხრისაკენ მიმართული. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცე ნება გამოავლინა და მკვეთრად დაგმო მომხდარი ინციდენტი“, - ხაზი გაუსვა დიპლომატმა.

თბილისში გაჟღერებული განცხადებებისა და სანქციების მიმართ ვლადიმერ პუტინის ნების გამოხატვის შემდეგ მოსკოვში არ გამორიცხავენ ავიარეისების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას: თუ საქართველოში სიტუაცია ნორმალური გახდება და რუსოფობია შეწყდება, თუიქნება გარანტიები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, მაშინ შეიძლება ავიამიმოსვლის განახლებაზე ლაპარაკის დაწყება“, - უთხრეს «КоммерсантЪ»-ს რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში. არ არის გამორიცხული მოლაპარაკების განახლებაც უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

«КоммерсантЪ»-ის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოსთან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილების პროექტი ნამდვილად არის შემუშავებული, შეთანხმებულია ყველა უწყებასთან, დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია და მას მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერაღა აკლია. „ყველაფერი მზად იყო ლანგრით მოსართმევად. მოსკოვი შესაფერის პოზიტიურ მომენტს ელოდებოდა, რომ ვიზები გაეუქმებინა“, - ამბობს ინფორმირებული წყარო«КоммерсантЪ»-თან საუბარში, - „სამწუხაროდ, სიტუაცია მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებულმა სკანდალმა აურია... ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობის ნორმალიზების შემდეგ ამ საქმესაც მივხედავთ“.

არადა, ასამბლეასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალური მოვლენის წინ მდგომარეობა მართლაც პოზიტიურად ვითარდებოდა: იზრდებოდა საქონელთბრუნვა, მატულობდა ფულის გადმორიცხვების მოცულობა, ტურისტების რაოდენობა... ამ ყველაფერს ხელი იმან შეუწყო, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მართვის საჭეს ჩამოსცილდა, ხოლო ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ახალი მმართველი პარტია, პროევროპულობისა და ევროატლანტიკური განცხადებების მიუხედავად, მოსკოვისათვის სრულიად კომფორტული პარტნიორი აღმოჩნდა. საქართველო აღარ იყო კრემლისთვის მუდმივი საგარეოპოლიტიკური გამღიზიანებელი, ვაჭრობაში კი რუსეთის წილმა მეორე ადგილი დაიკავა, თურქეთის შემდეგ.

„ამ ერთ თვეში მომხდარი სკანდალების სერიას სრულიად შეეძლო ბოლო წლების მიღწევების განულება“, - ვარაუდობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე: „მე ძალიან გამაკვირვა მოსკოვის რეაქციამ, რომელიც დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებულ ისტორიას მოჰყვა. ავიამიმოსვლის შეწყვეტამ რუსეთის იმიჯი დააზარალა, - აღნიშნა ექსპერტმა «КоммерсантЪ»-თან საუბარში, - ყველასათვის ნათელია, რომ მაშინ რუსეთს უფრო მეტი სიმშვიდე გამოეჩინა და ფრენა არ შეეწყვიტა, ამით მოსკოვი მოიგებდა, ანუ იმის დემონსტრაციას აჩვენებდა, რომ რუსეთი ამ სკანდალზე მაღლა დგას. ვლადიმერ პუტინის რეაქცია უკვე საღი აზრის გამოხატულებაა. შესაბამისად, არის შანსები იმისა, რომ დანაკლისი ავინაზღაუროთ“.

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 10 ივლისი, 2019 წელი

https://www.kommersant.ru/doc/4026010