ხელისუფლებამ ერთდროულად მოახერხა საქართველოს მოქალაქეებთან და რუსეთთან დაპირისპირება - ვაშაძე

ხელისუფლებამ ერთდროულად მოახერხა საქართველოს მოქალაქეებთან და რუსეთთან დაპირისპირება - ვაშაძე

ზურაბიშვილიდან დაწყებული, ყველა დანარჩენით დამთავრებული, მოახერხეს, რომ დაუპირისპირდნენ საქართველოს მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციას და დედამიწის ზურგზე ყველას, თუ ვინმესთან შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ამ დღეში ვართ ჩვენ დღეს. რადგან გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც თავისი უჭკუობითა და არაპროფესიონალიზმით ერთდროულად მოახერხა საქართველოს მოქალაქეებთანაც და რუსეთის ფედერაციასთანაც დაპირისპირება. ამის „მიღწევა" შეუძლებელი იყო, ყველაფერი დანარჩენი „გარნირია“. რაც მათ 20 ივნისს გააკეთეს, ამას სახელი არ აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს და რომ ვიყოთ ამ ხელისუფლების ნაწილი, თავი არ გვექნებოდა გამოსაყოფი. ასეთი არაფერი მინახავს, ეს იმას ჰგავს, ადამიანი მუდმივად ფეხში თავის იარაღიდან ისვრის ტყვიებს. მით უმეტეს, რომ ოპოზიცია და საზოგადოება 1 კვირა აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ არც ამ ორგანიზაციის დაპატიჟებაა საჭირო (თუმცა გესმით, რომ ეს ორგანიზაცია კი არა, რუსული სპეცპროექტია) და არც „მართლმადიდებელი", კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის დაპატიჟებაა საჭირო. ყველაფერი დანარჩენი სრული კოშმარია, როდესაც თავისი შეუთანხმებელი, უაზრო გაუგონრად არაპროფესიონალური განცხადებებით,სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული ყველა დანარჩენით დამთავრებული, მოახერხეს, რომ დაუპირისპირდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაციას და დედამიწის ზურგზე ყველას, თუ ვინმესთან შეიძლება. ეს ამ ხელისუფლების სამედიცინო დიაგნოზია. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაცია, მისი დიპლომატია და თანამდებობის პირები ჩააყენა შესანიშნავად მომგებიან მდგომარეობაში, რასაც პროფესიონალური მთავრობა არ გაუშვებს ხელიდან. მათაც ამით ისარგებლეს. გამოჩნდნენ თეთრ ფრაკში ჩაცმულები, მაშინ, როდესაც ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ თავი წარმოაჩინა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად", - განაცხადა ვაშაძემ.