"საქართველომ უამრავი მტერი მოინელა, მათ შორის მსოფლიო ტირანები და თქვენც მოგინელებთ!"

"საქართველომ უამრავი მტერი მოინელა, მათ შორის მსოფლიო ტირანები და თქვენც მოგინელებთ!"

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს „ისტორიულ უმეცრებას“ უწოდებს.

 

დეკანოზმა, პუტინის განცხადებებს  „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უპასუხა.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

 

პასუხი . პუტინის დღევანდელ ანტიქართულ განცხადებაზე

ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა პასუხი გაგცეთ თქვენს დღევნდელ განცხადებაზე: სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ: 1774 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა ოსეთი, მაგრამ ეს იყო დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა. იმ პერიოდში არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებულა, იმ ტერიტორიას, რასაც თქვენ, კოლონიზატორმა რუსებმა "სამხრეთ ოსეთი" უწოდეთ, საქართველოს გულის გული "შიდა ქართლი" გახლავთ, ქართული კულტურის უძველესი კერა. არავითარი ორი ოსეთი არ არსებულა ბუნებაში, ოსური დიასპორა მე-17 საუკუნეში გადმოლახავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს და სახლდება ქართველთა სამეფოს მიწაზე, ჯავაში. ხოლო ცხინვალში მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, ერთი ოსური ოჯახიც არ იყო, იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, ასევე სომხები და ებრაელები. ცხინვალის გაოსება ბოლშევიკური რუსეთის დამსახურებაა. მოკლედ, რომ გითხრათ: ცხინვალის რეგიონი 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყობის დროს, ქართლ-კახეთის სამეფოს ისეთივე ნაწილი იყო, როგორც თბილისი, გორი, მცხეთა და თელავი.

 

რაც შეეხება აფხაზეთს: დიახ, 1810 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზეთი შეიერთა, ის იყო თვითმმართველი სამთავრო, ოსმალეთის იმპერიის ვასალი. თუმცა ეს საქართველოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლილობის და დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ოსმალური ოკუპაციის შედეგი იყო და არა იმის, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. განა რუსეთი არ იყო წვრილ-წვრილ დამოუკიდებელ სამთავროებად დაშლილი მე-15 საუკუნემდე? ეს განა გასაკვირია თქვენი ისტორიის მქონე ერისათვის?! აფხაზეთი ქართული კულტურის აკვანი და სახელმწიფოებრიობის აკვანია. აფხაზეთის მეფის წოდებით იწყებოდა წმ. დავით აღმაშენებლის და წმ. თამარ მეფის ოფიციალური ტიტულატურა.

 

თქვენი პოლიტიკურ-იმპერიალისტური ამბიცია და გაუნათლებლობა ისტორიის საკითხებში საცნაურია ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის საცნაური უნდა გახდეს ის, რომ ქართველი ერი არასოდეს გაპატიებთ მისი ტერიტორიული საზღვრების ხელყოფას, ქართული მიწების ოკუპაციას. დაიმახსოვრეთ: თქვენ ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენი მონა-მსახური კოლაბორაციონისტი და გამყიდველი ქართველები, ისინი ერის დამპალი, მორალურად გაკოტრებული უმცირესობაა, რომელთა მდგომარეობა ძალიან მყიფეა! საქართველომ თავისი მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი მტერი მოინელა, მათ შორის მსოფლიო ტირანები მურვან ყრუ, ალაფარსლანი, ჯალალ ედ-დინი, თემურ-ლენგი, შაჰ-აბას I, და თქვენც მოგინელებთ! ღმერთი დაიფარავს ჩაგრულ საქართველოს და მჩაგვრელი იქნება დამხობილი!“,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919- 1920 წლებში კი უფრო სასტიკად ოსების გენოციდი განახორციელა.