ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ევროპულ ოჯახში -ბიძინა ივანიშვილი

ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ევროპულ ოჯახში -ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკს უმასპინძლა.

 

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.

 

"მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან  თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას.

 

მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში.

 

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.