„მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებების მკაფიოდ დაგმობა, ის ცდილობს საქართველომ გადაუხვიოს ევროკავშირთან დაახლოების გზას“

„მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებების მკაფიოდ დაგმობა, ის ცდილობს საქართველომ გადაუხვიოს ევროკავშირთან დაახლოების გზას“

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის  კლაუდია როთის თქმით,  რუსეთის მიერ, სამხედრო ძალით გამყარებული ოკუპაცია არის მხოლოდ ერთი იმ ინსტრუმენტთაგანი, რომლითაც რუსეთი ცდილობს, რომ საქართველომ გადაუხვიოს სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, ევროკავშირთან დაახლოებისა და პარტნიორობის გზას.

 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებების მკაფიოდ დაგმობა და საქართველოს ფართო მხარდაჭერა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელი რეფორმების გატარებისას.

 

"ამჟამად საქართველოში მონაწილეობას ვიღებ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს. საქართველოში სტუმრობისას გამოვიყენე შესაძლებლობა და მოვინახულე გორი, სადაც გავეცანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას.

 

გორი მდებარეობს უშუალოდ ეგრეთწოდებულ ადმინისტრაციულ ხაზთან სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. სამხრეთ ოსეთითა და აფხაზეთით რუსეთს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი აქვს ოკუპირებული. ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებულია მკაცრი სამხედრო რეჟიმი, რომელიც არანაირად არ უწევს ანგარიშს ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ელემენტარულ მოთხოვნილებებს. ეს ეხება ათასობით ოჯახს, რომელიც საკუთარი მიწიდან განდევნეს და რომლებმაც საკუთარი სახლები დაკარგეს.

 

სამხედრო ძალით გამყარებული ოკუპაცია არის მხოლოდ ერთი იმ ინსტრუმენტთაგანი, რომლითაც რუსეთი ცდილობს, რომ საქართველომ გადაუხვიოს სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, ევროკავშირთან დაახლოებისა და პარტნიორობის გზას. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებების მკაფიოდ დაგმობა და საქართველოს ფართო მხარდაჭერა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელი რეფორმების გატარებისას", - წერს კლაუდია როთი.