გადადგომა ყველაზე მარტივი გამოსავალია ახლა ჩემთვის, მაგრამ ეს იქნება პასუხისმგებლობისგან გაქცევა-გიორგი გახარია

გადადგომა ყველაზე მარტივი გამოსავალია ახლა ჩემთვის, მაგრამ ეს იქნება პასუხისმგებლობისგან გაქცევა-გიორგი გახარია

„აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, წასვლა ამ მომენტში, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და არა, პასუხისმგებლობის აღება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა – „რაც გარეთ ხდება, ამ ადამიანების პროტესტი, გამოსვლები გიღირთ თანამდებობად“?

 

გიორგი გახარიას თქმით, თანამდებობაზე საუბარი არ არის და გადადგომა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იქნება.

 

„მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ჩამოვყალიბდეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ მისგან გაქცევა. ის, რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, როდესაც გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და რაღაც შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შს მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად; როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ შეჭრას პარლამენტში, როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო, გადაარჩინო შენი იმიჯი თუ შეეგუო რაღაც კომპრომისს ან მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრით ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს.

 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც გარეთ დგანან და სწამთ, რომ სწორ და მართალ საქმეს აკეთებენ, იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ვხედავდი მათ ზურგს უკან ფონს რომ უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის აქტივისტებს, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრით ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.