ქართველები ერთ წელზე მეტ ხანს გვბომბავდნენ, ქვა ქვაზე არ დარჩენილა-აფხაზეთს სურს, რომ რუსი მოქალაქეებისათვის ტურიზმში საქართველო ჩაანაცვლოს

ქართველები ერთ წელზე მეტ ხანს გვბომბავდნენ, ქვა ქვაზე არ დარჩენილა-აფხაზეთს სურს, რომ რუსი მოქალაქეებისათვის ტურიზმში საქართველო ჩაანაცვლოს

რუსულმა გაზეთმა «Комсомольская правда»-მ დღევანდელ, 12 ივლისის ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, რომელიც აფხაზეთს და მის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეხებბა. ეს საკითხი აქტუალური გახდა განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის ცნობილი ბრძანების შემდეგ საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენის შეწყვეტის შესახებ (ავტორი - დინა კარპიცკაია).

 

„საქართველოში რუსი ტურისტების ჩასვლა შეიზღუდა: მოსკოვის მიმართულებით ბოლო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან 7 ივლისს საღამოს გაფრინდა. ამბობენ, რომ რუს დამსვენებლთა ნაკადი ახლა აფხაზეთისკენ გადაინაცვლებსო... დიახ, აფხაზები რუს ტურისტებს ელოდებიან. და თან ისე ელოდებიან, რომ ვაგზალი გარემონტებული არ არის, აეროპორტი არ მუშაობს და პლაჟები წესრიგში არ არის მოყვანილი. ჩვენი გაზეთის  კორესპონდენტი დინა კარპიცკაია ამ დღეებში სოხუმში იმყოფებოდა და აფხაზების „მოლოდინში“ თვითონ დარწმუნდა“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში, რომელიც აფხაზების მიმართ საკმაოდ სარკასტულ- ირონიული ტონითაა დაწერილი.

 

- თქვენ, ალბათ, აფხაზეთში ტურისტული ნაკადის მატებას ელოდებით... საქართველოდან ხომ ქუდი დავიხურეთ და წამოვედით... - ვეკითხები პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის - „სულების ქვეყნის“ პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას.

 

- ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი რუსი ტურისტი აფხაზეთისაკენ შემობრუნდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“. დიახ, შეიძლება ჩვენი მომსახურების დონე ყველაზე მაღალი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილები ვართ ჩვენი რუსი ძმების მიმართ და მზად ვართ ისინი მივიღოთ, - მპასუხობს იგი.

 

აფხაზეთი მართლაც იღებს - როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, თითქმის ერთ მილიონ რუს დამსვენებელს.

 

- საბჭოთა კავშირის დროს აქ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ისვენებდა ხოლმე, - ამბობს რაულ ხაჯინბა, - ვცდილობთ, რომ ამ ციფრებს მივუახლოვდეთ.

მაგრამ როგორ მიუახლოვდებიან, ამის კითხვა ვეღარ მოვასწარი - ჩვენი საუბარი სპონტანურად შეწყდა. საერთოდ კი, როგორ ისვენებს რუსი ტურისტი აფხაზეთში, ამის გასაგებად ოფიციალური პირებისაგან ინტერვიუს აღება საჭირო არ არის, ყველაფერი შეიძლება საკუთარი თვალითაც ნახო.

- სადაა უახლოესი პლაჟი? - ვეკითხები სასტუმროს თანამშრომელს. მაგზავნიან მარცხნივ, სადაც ოდესღაც მოსკოვის სამხედრო გარნიზონის ცნობილი პანსიონატი იყო. შესასვლელშივე „ბრწყინვალე“ სურათი მხვდება: შენობას პომპეზურობა დღესაც შემორჩენილი აქვს, მაგრამ ფანჯრები ჩამსხვრეულია, ბათქაში აცვენილი, საღებავი ფერგადასული. „შესვლა მხოლოდ სანატორული საბუთებით“, - ასეთი წარწერაა ჭიშკარზე. ამჟამად სანატორიუმის მხოლოდ ორი კორპუსი მუშაობს - მრავალსართულიანი და ორსართულიანი - საგენერალო. სხვა კორპუსებს ფანჯრები და კარები აღარ აქვთ... თუმცა მე უფრო პლაჟი მაინტერესებს.

 

კაცმა რომ თქვას, არც პლაჟზეა კარგი სიტუაცია - დაჟანგებულ-დაგლეჯილი მზისაგან დამცავი ქოლგები (ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი!), ირგვლივ ნაგავი... ყველაფერი უპატრონოდ მიტოვებული და მოუვლელი... და ამას გადმოჰყურებს უზარმაზარი უკარფანჯრო შენობა... მართალი გითხრათ, თავი საშინელებათა სერიალის „გადარჩენილების“ გმირად ვიგრძენი... გავიხედ-გამოვიხედე - ამხელა პლაჟზე მხოლოდ 20-30 ადამიანი მოჩანს“, - წერს ავტორი.

 

ჟურნალისტი ესაუბრება ტულიდან აფხაზეთში დასასვენებლად ჩასულ ცოლ-ქმარს, რომლებიც ადგილობრივ ბუნებას აქებენ (რიწის ტბას), მაგრამ მომსახურებით ძალზე უკმაყოფილონი არიან: „სანატორიუმში ავეჯი ძველია, ჭუჭყიანი... ნომრიდან რომ გამოხვალ, უკან შესვლა აღარ გინდა. კიდევ კარგი, ხვალ მივდივართ. ნუთუ ამ ყველაფრის გამოსწორება ძნელია?, - ამბობენ ისინი. მათ აფხაზეთში დაახლოებით 70 ათასამდე რუბლი დახარჯეს (მგზავრობის ჩათვლით).

 

„გავდივარ სოხუმის ცენტრალურ სანაპიროზე. აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ტროტუარზე ფილაქანია დაგებული, შენობები შეკეთებულია, ევკალიპტები არომატს აფრქვევენ. ცოტათი ვმშვიდდები. მაგრამ პლაჟზე ძალიან ცოტა ხალხია და ეს გაგანია ზაფხულში!

- რაშია საქმე? - ვეკითხები კაფეს ოფიციანტს, - სად არიან ტურისტები?

- ყველაფერი ნორმალურადაა. სანამ გაგრა და ბიჭვინთა არ შეივსება, მანამ აქეთ, სოხუმისაკენ, იშვიათად მოდიან. რას ვიზამთ... ნაკლები დამსვენებლით მეტი ჟანგბადი გვექნება!, - ხუმრობს.

მივდივარ ცნობილ კაფე „ბრეხალოვკაში“, რომელიც ერთადერთი ადგილია ხალხით სავსე. მაგიდებთან ადგილობრივი აფხაზი მამაკაცები სხედან, თანაც სამუშაო საათებში, ყავას სვამენ, ყბედობენ და ჭორაობენ ათასგვარ ამბებზე, ხსნიან და ათავისუფლებენ მინისტრებს, ირჩევენ პრეზიდენტებს... ცხადია, მხოლოდ სიტყვებით. ამბობენ, რომ წინა პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს აქ ყოფნა და საუბარი უყვარდაო - სამუშაოს დაწყებამდე შემოიხედავდა, ფინჯან ყავას დალევდა და ჭორ-მართალს ისმენდაო“.

 

კორესპონდენტი ესაუბრება ერთ-ერთ აფხაზს, სახელად ზურაბს.

„- რუსეთი ხომ ფულს გაძლევთ, სად მიგაქვთ ამდენი ფული?

- რა ფული, ეს მხოლოდ კაპიკებია... და ის საბავშვო სახლების მშენებლობაზე დაიხარჯა. ჩვენ ქართველები ერთ წელზე მეტ ხანს გვბომბავდნენ, ქვა ქვაზე არ დარჩენილა. ნელ-ნელა ვაშენებთ. ყველაფერი იქნება...

- მე ერთი თვის წინ საქათველოშიც ვიყავი, ბათუმში, - ვეუბნები, - იქ უცხოელები ბინებს ყიდულოვენ. ბიზნესს იწყებენ. მათ ქონების შეძენა ნებადართული აქვთ. გინდათ, ფოტოებს გაჩვენებთ.

- აბა მაჩვენე... - იხრება ზურაბი ჩემი სმარტფონის ეკრანისაკენ. მესამე ფოტოს შემდეგ ვერ ითმენს და ამბობს: ფუი ქართველებს! აღარ მინდა ნახვა... კარგად ვიცნობ მათ ხასიათს. აი, ნახავ, რომ პირველივე სკანდალის შემდეგ ისინი უცხოელებს ქვეყნიდან გააძევებენ, განსაკუთრებით რუსულპასპორტიანებს. მათ ხომ ყველა აფხაზის მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ გავუძელით... რუსეთი ჩვენი მეგობარია, საქართველო კი მტერი.

- თუ მეგობრები ვართ, რატომ არ აძლევთ აქ რუსებს ქონების ყიდვის უფლებას? რატომ არ აძლევთ ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას? რუსები რომ აქ იყვნენ, ისინი თქვენთვის წესრიგს დაამყარებდნენ...

- არა, არა... ნება რომ მოგცეთ, ნახევარ აფხაზეთს იყიდით. ჩამოდით, დაისვენეთ... ყიდვის უფლება კი არ გექნებათ“.

მოსკოველი ჟურნალისტი ესაუბრება ადგილობრივ რუსებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა სიტუაციით კმაყოფილი არ არის, ჩივიან დამნაშავეობის მძიმე მდგომარეობაზე, უმუშევრობაზე, მაგრამ იძულებულნი არიან თავი როგორმე გაიტანონ.

„სოხუმი მართლაც ძალიან დაზარალდა 1992-1993 წლების კონფლიქტით. ცეცხლის ხაზი ქალაქის ქუჩებში გადიოდა. შენობებზე ტყვიების კვალი ჯერ კიდევ შეიმჩნევა. მთავრობის სასახლე დღემდე ნანგრევებადაა ქცეული. მას ირგვლივ ბადე აქვს შემოკრული დიდი წარწერით: „25 წელი გამარჯვებიდან“. მეოთხედი საუკუნე გავიდა და ნუთუ მცირედ  გარემონტება მაინც არ შეიძლებოდა? აი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი - ქალაქის არქიტექტურის მშვენება - ესეც უპატრონოდაა მიტოვებული. აეროპორტი არ მუშაობს. დამსვენებელთა უმეტესობა სოჭიდან „მარშრუტკებით“ მოდის.

25 წლის განმავლობაში აფხაზეთში თითქმის არაფერი შეცვლილა და არაფერი აშენებულა. ეს გასაკვირია! იმიტომ, რომ რუსეთმა 2008 წლიდან აფხაზეთს 37 მილიარდ რუბლზე მეტი გამოუყო. მესერები მაინც შეღებონ და შენობებს კარ-ფანჯრები ჩაუდგან! აფხაზებს უყვართ თქმა: „ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს სამოთხისებურად ვცხოვრობდითო“. ბევრგან ვარ ნამყოფი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ ყოფილი იმპერიის ამდენი გახსენება არსად არ მომისმენია, როგორც აფხაზეთში. აქ ადამიანები ჯერ ისევ იმ დროში ცხოვრობენ, როცა აფხაზეთი რიგითი რუსი საბჭოთა ადამიანისათვის „საზღვარგარეთად“ აღიქმებოდა - თავისი ფუფუნებით, მდიდრული ცხოვრებით, მომსახურების დონით და კეთილმოწყობით. აფხაზებს ჰგონიათ, რომ რუსებიც ძველებურად აზროვნებენ  და მათ აფხაზეთში ჩამოსვლით თავი მართლაც უცხოეთში მიაჩნიათ. წავიდა ის დრო. საკურორტო აფხაზეთი ის აღარ არის, რაც იყო“, - აღნიშნავს ავტორი.

 

 

 

https://www.kp.ru/daily/27001/4063119/