საფრანგეთის ხელისუფლება მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდება?!  ქართველები და ალბანელები ქვეყნის იმიგრაციულ სამსახურს პრობლემებს უმატებენ

საფრანგეთის ხელისუფლება მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდება?! ქართველები და ალბანელები ქვეყნის იმიგრაციულ სამსახურს პრობლემებს უმატებენ

„მიმდინარე წლის დასაწყისიდან საფრანგეთმა საქართველოსა და ალბანეთის მოქალაქეების მხრიდან 10 ათასი განაცხადი მიიღო თავშესაფრის მიცემის თხოვნით“, - წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro 12 ივლისის ნომერში (ავტორი - ჟან-მარკ ლეკრეკი).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, გასულ 2018 წელთან შედარებით, 80%-ზე მეტით გაიზარდა, ალბანეთიდან კი - 30%-ით. მასალაში ხაზგასმულია, რომ საკითხი ეხება ე.წ. „სტაბილურ ქვეყნებს“, საიდანაც მიგრანტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საზღვარგარეთ ეკონომიოკური მიზეზების გამო მიდიან, ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ უფლება არ აქვთ იმ უფლებების დაცვა-უზრუნველყოფა ითხოვონ, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული.

მაშინ, როცა მთლიანად ევროპაში „მიგრაციული ზეწოლა“ მცირდება, საფრანგეთი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ არალეგალების რაოდენობის ზრდით გამოწვეული „ტვირთი“ ფრანგული ადმინისტრაციისათვის სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება.

ავტორის აზრით, თავშესაფრის მიღების ამდენი მთხოვნელი სისტემაში „საცობს“ ქმნის, მექანიზმი „იჭედება“ და ეს ხდება იმ დროს, როცა ფრანგული საიმიგრაციო სისტემა „ჯერაც ვერ მოსულა გონზე“ ბოლო წლების კრიზისის გამო. სიტუაცია უფრო შემაშფოთებლად გამოიყურება იმ ფონზე, როცა პარიზს, როგორც ცნობილია, უკვე ორი წელია დადებული აქვს შეთანხმებები თბილისთან და ტირანასთან, თავშესაფრის უსაფუძვლო მთხოვნელთა რაოდენობის შეკავების მიზნით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოსა და ალბანეთის მოქალაქეებს ევროკავშირში შესავლელად ვიზა არ მოეთხოვებათ, ბევრი სარგებლობს ამ შესაძლებლობით და ცდილობენ ევროკავშირში ყოფნის ნებადართული ვადები უფრო გაიხანგრძლივონ - ამ მიზნით ისინი თავშესაფრის მიღებაზე განცხადებას წერენ და იმედი აქვთ, რაც შეიძლება მომგებიანად გამოიყენებენ პროცესუალური სისტემის დაყოვნებულ მოქმედებას.

ფრანგი პარლამენტარების - ნოელ ბაროსა და ალექსანდრე ოლროიდის მიერ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, გასულ წელს იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც თავშესაფრის მიღების მოლოდინში სოციალურ დახმარებას იღებენ, 100 ათასს გადააჭარბა.. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში მათმა რაოდენობამ 15%-ით მოიმატა. როგორც ავტორი წერს, თავშესაფრის მთხოვნელ ერთ ოჯახურ წყვილზე საფრანგეთის მთავრობა ყოველთვიურად 300 ევროს ხარჯავს და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს მათ განთავსებას (საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რაც საკმაოდ ხშირად ხდება), კომპენსაცია კიდევ 220 ევროთი იზრდება, მაშინ მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯები საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება - მხოლოდ დახმარებაზე თითქმის ნახევარი მილიარდი ევრო! სხვათა შორის, თავშესაფრის მიღების საკითხში გაწეულმა ყველა ყოველწლიურმა ხარჯმა საფრანგეთისთვის უკვე დიდი ხანია ორ მილიარდ ევროს გადააჭარბა - ანუ იმ ზღურბლს, რომელიც ქვეყნის საანგარიშო პალატამ დაადგინა 2014 წელს, როცა საფრანგეთი ყოველწლიურად 65 ათას მთხოვნელს იღებდა. დღეს ქვეყანა უკვე 120 ათას თავშესაფრის მთხოვნელს იღებს და ეს ციფრი განუხრელად მატულობს.

თუ მთლიანად ევროპაში მიგრანტთა ნაკადი არსებითად შემცირდა 2015 წელთან შედარებით, საფრანგეთში, პირიქით, მატულობს: „იმ ნაკადს, რომელიც მოდის საბერძნეთისა და იტალიის გავლით, ხშირად ესპანეთიდანაც, ემატება ის მიგრანტებიც, რომლებსაც გერმანია და ბელგია გზავნის“, - ეუბნება ავტორს პოლიციის ერთ-ერთი პრეფექტი. ქართველებისა და ალბანელების გარდა, ფრანგულ კარზე სულ უფრო ხშირად „აკაკუნებენ“ ავღანელები, რომელთა თხოვნები თავშესაფრის მიღებაზე, სხვა ეროვნების მოქალაქეებთან შედარებით, უფრო მეტად კმაყოფილდება. „ეს საკვირველი არ არის - ისინი ხომ ისეთი ქვეყნიდან ჩამოდიან, სადაც ყოველწლიურად 10 ათასამდე პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე თავდასხმებისა და ტერაქტების გამო იღუპება“, - ამბობს ავტორთან საუბრისას საფრანგეთის ეროვნული სასამართლოს მოსამართლე თავშესაფრის მიღების საკითხში.

„უმკლავდება თუ არა საფრანგეთი იმიგრაციულ პრობლემას?“ - ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში. „მთავრობა აცხადებს, რომ სექტემბერში საპარლამენტო დებატებს მოაწყობს, რომლის მსვლელობაში საიმიგრაციო ქვოთების შემოღების იდეაც იქნება განხილული. მაგრამ პარტია „რესპუბლიკელების“ დეპუტატის ერიკა ჩიოტის აზრით, ეს მხოლოდ სატყუარაა, რომლითაც მთავრობა თავის უსუსურობას ნიღბავს, რადგან ქვოთების დაწესებას არცერთხელ პოზიტიური შედეგი არ მოუტანია“.

„აღმასრულებელი ხელისუფლება ოცნებობს, რომ როგორმე უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა დაარეგულიროს, მაგრამ ასევე აუცილებელია მათი გასვლების საკითხის გადაწყვეტაც, რადგან ერთი მეორესტან არის დაკავშირებული“, - აღნიშნავს სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი კომისარი ავტორთან საუბარში.

მოკლედ, როგორც Le Figaro წერს, მიგრაციული საკითხი სრულიად შესაძლებელია საფრანგეთში სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალური საკითხი გახდეს.


http://www.lefigaro.fr/actualite-france/la-france-toujours-dans-le-tourbillon-migratoire-20190710?redirect_premium