კიკაბიძე  „კომსომოლკას“: მე ყოველთვის მზად ვარ ვიმღერო რუსებისათვის, მაგრამ არა რუსეთში“ (ექსკლიუზივი)

კიკაბიძე „კომსომოლკას“: მე ყოველთვის მზად ვარ ვიმღერო რუსებისათვის, მაგრამ არა რუსეთში“ (ექსკლიუზივი)

რუსულ გაზეთ «Комсомольская правда»-ში გამოქვეყნებულია ვახტანგ კიკაბიძის ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც იგი რუსეთში მისი „საიდუმლო შემოსავლების“ თაობაზე გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს (ავტორი - ალენა მარტინოვა).

გთავაზობთ ინტერვიუს  შემოკლებით:

„როგორც უკვე ცნობილია, ქართველი მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის „საიდუმლო“ შემოსავლები ჩვენს ქვეყანაში (რუსეთში) მსახიობმა ბორის კლიუევმა „განასაიდუმლოვა“. მისი თქმით, 80 წლის მომღერალი რეგულარულად დადის ჩვენთან გამართულ კორპორატიულ წვეულებებზე, თუმცა ყველას არწმუნებს თავისი პრინციპული პოზიციის თაობაზე, რომ იგი რუსეთში არ მღერის. „მე ერთ რამეს გეტყვით: ნუ გგონიათ, რომ ვახტანგ კიკაბიძე ჩვენთან არ დადის. იგი ჩამოდის კორპორატიულ კონცერტებზე. თანაც კონტრაქტში ჩაწერილია, რომ მისი მოსვლის თაობაზე კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“, - განაცხადა ბორის კლიუევმა ბოლო ინტერვიუში და დაამატა, რომ რუსეთში დღესასწაულების დროს შემოსავალს იღებენ აგრეთვე სოფია როტარუ და ვერკა სერდიუჩკაც.

ჩვენ დავუკავშირდით ვახტანგ კიკაბიძეს და კითხვები დავუსვით:

- ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, გამარჯობათ. თქვენ, ალბათ, უკვე საქმის კურსში ხართ, რომ ჩვენმა მსახიობმა ბორის კლიუევმა... სხვათა შორის, თქვენ მას იცნობთ?

- გვარი კი ვიცი, მაგრამ ვერ გამიხსენებია, ვინ არის. პირადად არ ვიცნობ.

- იგი პოპულარული მსახიობია, კინოფილმებში და სერიალებში იღებენ. ჰოდა, მან თქვა, რომ თქვენ რუსეთში საიდუმლოდ დადიხართ კორპორატივებზე...

- კი, რა თქმა უნდა, დილიდან უკვე მირეკავენ, თქვენამდე ოთხ რედაქციას და ორ ჟურნალისტს ველაპარაკე.

- და შეგიძლია გვითხრათ, როდის იყავით უკანასკნელად ჩვენთან?

- რვა თუ ცხრა წლის წინათ... არა უფრო მეტი ხნის წინათ. როგორც კი ომი დაიწყო, იმის შემდეგ მე რუსეთის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ - 2008 წლიდან.

- ანუ არანაირ კორპორატივებზე და არანაირ გასამრჯელოზე...

- ყოველთვის მირეკავენ, მიწვევენ, მაგრამ მე უარს ვეუბნები

- და სად და როდის მიგიწვიეს უკანასკნელად?

- მოსკოვში, გასტროლებზე მიმიწვიეს. მე ვუთხარი, რომ მანდ ჩემი ფეხი არ იქნება-მეთქი, სანამ ჩვენ ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობაა.

- მაგრამ თქვენ ხომ არ ჰყოფთ ერთმანეთისაგან რუსეთს და რუსებს? თუ თქვენი რუსი მეგობრები დაგიძახებენ სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე სამღერად, წახვალთ?

- მე ყოველთვის ვამბობ, რომ ხალხი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა. რა შუაშია აქ რუსი ხალხი? რა თქმა უნდა სხვა ქვეყანაში სიმღერას მე დავთანხმდებოდი, მზად ვარ ვიმღერო რუსებისთვისაც, მაგრამ არა რუსეთში. მე უკვე შვილიშვილები მყავს, გესმით? როცა რაიმეს ვამბობ, ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. თავის დროზე ვთქვი, რომ ჩემთვის უხერხული იქნება ჩემს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში შევხედო-მეთქი. როცა ჩვენთან რუსული ტანკები შემოვიდნენ, რუსეთში ხალხთა მეგობრობის ორდენით დამაჯილდოვეს, მაგრამ უარი ვთქვი.

- თუ ყველამ იცის, რომთქვენ ასეთი პრინციპული კაცი ხართ, მაშინ რატომ ლაპარაკობენ ამ საიდუმლო კორპორატივების შესახებ? ამას ხომ უკვე პირველად არ ამბობენ...

- დიახ, ბევრი ლაპარაკობს. ამას წინათ ვიღაც სომეხმა დეპუტატმა დამირეკა და მითხრა, რომ გავიგე სადღაც [რუსეთში] მიდიხარო... ეს ჩვეულებრივი პროვოკაციაა.

- საქართველოში კი თქვენს მიმართ პრეტენზიები აქვთ - რატომ დადიხარ რუსებთანო..

- მათ იციან, რომ მე რასაც ვიტყვი, იმას ვასრულებ კიდეც. ამაში არავის ეჭვი არ ეპარება. როცა რომლიღაც მსახიობი რაიმეს ამბობს, მან კიდეც უნდა დაამტკიცოს და თავის სიტყვებზე პასუხი აგოს. მე არ ვაპირებ მათ გალანძღვას, ეს მათი პრობლემაა, ალბათ, შემდეგ თვითონ გაერკვევიან. ბორის კლიუევს კი ჩემგან დიდი სალამი გადაეცით.

 https://www.kp.ru/daily/27002.5/4063793/