საბჭოური მემკვიდრეობით და დასავლური ბრწყინვალებით - მშვენიერი საქართველო მოგესალმებათ!

საბჭოური მემკვიდრეობით და დასავლური ბრწყინვალებით - მშვენიერი საქართველო მოგესალმებათ!

ლიბანის პოპულარულ გამოცემა «Reseef»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - რიდა გაბიშავი) გადმოცემულია საქართველოში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები. მასალაში ასახულია ის საბჭოური მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კავკასიური ქვეყნის დედაქალაქში. ავტორი მიესალმება საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უცხოელი ტურისტებისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. ავტორი ასევე ამჩნევს ქართულ საზოგადოებაში თაობათა შორის გაჩენილ უფსკრულს, რაც ენობრივ ორიენტაციაშიც აისახება: უფროსი ასაკის ქართველები კარგად ფლობენ რუსულ ენას, ახალგაზრდები კი მეტ უპირატესობას ინგლისურ ენას ანიჭებენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას  შემოკლებით:

„თბილისის აეროპორტიდან ქალაქში რომ მიდიხართ, თავი შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაში გეგონოთ: ვისაც ფილმებისთვის გიყურებიათ, თითქმის ყველაფერი გეცნობათ, თითქოსდა სადღაც უკვე გინახავთ... საქართველოს დედაქალაქის აეროპორტი პატარა და ძველია, თუმცა მას მოდერნიზება ჩაუტარეს მგზავრებისათვის უფრო მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად. აეროპორტიდან თქვენ ხედავთ ამ პატარა ქვეყნის ახალ გზას, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, დღეს კი დასავლეთისაკენ მიიწევს და მტრად გაუხდა თავის გიგანტურ ჩრდილოელ მეზობელს - რუსეთს.

დიდი ხანია ვუყურებდი აეროპორტს თვითმფრინავის ილუმინატორიდან - მაღლიდან და მიწაზე დაშვებისას. დავინახე ბევრი ძველი შენობა, რომლებიც ისტორიული მოვლენების მოწმენი არიან. სასაზღვრო შემოწმებისა და ბარგის მიღების წინ საკმაო დრო იყო და მეუღლესთან ერთად მოსაცდელ ზონაში გავიარ-გამოვიარე.  სხვადასხვა განცხადებებს ვკითხულობდით, მათ შორის, თავშესაფრის მიღების თაობაზე, არაბულ და სპარსულ ენებზე. სტენდი აშკარად გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ეკუთვნოდა.

პასპორტების შემოწმების შემდეგ ბარგიც ავიღეთ, ვიყიდეთ ტელეფონების ქართული SIM-ბარათები, რომელიც საკმაოდ იაფი გამოდგა. აეროპორტიდან ტაქსით წამოვედით. მე ინტერნეტის მეშვეობით წინასწარ უკვე ვიცოდი მგზავრობის დაახლოებითი ფასი და მძღოლს სწრაფად მოვურიგდი. საქართველოში ბევრი ავტომობილი მარცხენასაჭიანია, უფრო ცოტა - მარჯვენასაჭიანი. ირანელები გამახსენდნენ: მათთვის ავტომანქანა საინტერესო ტრანსპორტია. როგორც ცნობილია, ირანში უცხოური მანქანების შეტანა შეზღუდულია, ამიტომ ირანელისათვის ყოველი უცხოური ავტომანქანა ძვირადღირებულს წარმოადგენს. ისინი გაკვირვებულები არიან იმით, რომ ძვირფასი მანქანები თბილისში უბრალო ტაქსებად გამოიყენება.

საქართველოთი მოხიბლული ირანელები

ირანელებს საქართველო ძალიან მოსწონთ. მართალია, ამ კავკასიური სახელმწიფოს ხელისუფლებას კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან (რომელსაც ირანის მთავრობა „დიდ სატანას“ ეძახის), მაგრამ თბილისმა ირანელებს მაინც კარი გაუღო - ვიზები გააუქმა, ხოლო ავიაბილეთების ფასი ბევრად იაფია. გარდა ამისა, საქართველო ირანელებს ბინადრობის უფლებას საკმაოდ იოლად აძლევს - საკმარისია, მაგალითად, რაიმე უძრავი ქონების, ვთქვათ, ბინის ყიდვა. ამიტომაც ბევრმა ირანელმა მოქალაქემ თავისი ცხოვრება მთლიანად თუ ნაწილობრივ ამ ქვეყანას დაუკავშირა.

თბილისის სხვადასხვა ადგილებში შეგიძლიათ აბრებზე სპარსულენოვანი წარწერები ნახოთ, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას ეკუთვნის, უძრავი ქონებისა თუ მიგრაციის სფეროში. ისინი ირანელებს ქონების შეძენასა და საქართველოს ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მოპოვებაში ეხმარებიან. ირანელი მოქალაქეების სურვილზე - იცხოვრონ და ისწავლონ საქართველოში - დიდ გავლენას ახდენს ამ ქვეყნის კურსი ევროკავშირთან ინტეგრირებაზე და საერთოდ, თბილისის დასავლური ორიენტაცია. რა თქმა უნდა, ირანელების მიგრაციის მატებამ თეირან-თბილისის ავიარეისების მატებაც გამოიწვია და ეს იმ დროს, როცა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში ირანელების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდა - მათ ვიზების მიღება ძალიან გაურთულდათ.

საქართველოს სავიზო რეჟიმი ბევრ ქვეყანასთან გაუქმებული აქვს, ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურიზმის დარგის განვითარების მიზნით. ქართული ტურიზმის აყვავებაში ჩვენ თვალნათლივ დარწმუნდით სასტუმროს რესტორანში საუზმის დროსაც: ჩვენს ახლოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტები ლაპარაკობდნენ: იყვნენ არაბული ქვეყნებიდან - ეგვიპტიდან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან, აღმოსავლეთ აზიიდან, მათ შორის ჩინელებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, მოგზაურები  აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდანაც. თბილისის ერთ-ერთი უპირატესობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სიმრავლეა - მათ ყოველ ქუჩაზე ნახავთ, სადღეღამისო მუშაობის რეჟიმით.

ქართული საზოგადოება

საქართველოში თაობებს შორის განსხვავება ძალზე მკვეთრია. მე ვიტყოდი, რომ მათ ერთმანეთისაგან უფსკრული აშორებთ. უფროსი თაობის ადამიანები ძირითადად მხოლოდ ერთ უცხო ენაზე ლაპარაკობენ - რუსულად. შუახნის ქართველები რუსული ენის ცოდნას აქტიურად იყენებენ რუს ტურისტებთან ურთიერთობაში. ისინი ძალიან სადად არიან ჩაცმულები და სიდინჯეს იჩენენ.

უფროსი ასაკის ადამიანებისაგან განსხვავებით, ახალგაზრდები კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, ატარებენ მუდურ ტანსაცმელს - ჩვეულებრივად, ჯინსებს და ნათელი ფერების პერანგებს - და უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. თუ თქვენ რაიმე მისამართი ან ინფორმაცია გჭირდებათ ინგლისურ ენაზე, უმჯობესია დახმარებისთვის ახალგაზრდებს მიმართოთ.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც უკვე ითქვა, ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს და იმავდროულად ანტირუსული პოზიციის მქონე ქვეყნების რიგშიც დგას. ამის შესახებ დარწმუნდებით მრავალრიცხოვანი სიმბოლოებით - ბევრ ადგილზე ევროკავშირის და ნატოს დროშები ფრიალებენ, ლარის კურსი კი ამერიკულ და ევროპულ ვალუტაზეა მიბმული. ამასთან, საქართველოში ჯერ კიდევ დაინახავთ რუსულ სიმბოლოებსაც, გაიგონებთ რუსულ სიმღერებს... ქართველების კეთილდღეობა შეიძლება საშუალო დონეზე შევაფასოთ, რასაც მათი ტანსაცმელი, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ადასტურებს.

თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო ძალიან ძველი და საკმაოდ დიდია. ის 53 წლის წინ აშენდა, საბჭოთა კავშირის დროს და იმ დროიდან მისი კაპიტალური რესტავრაცია ჯერაც არ მომხდარა. თავისი ფორმიტა და სტილით თბილისის მეტროპოლიტენი ძალიან ჰგავს მოსკოვის ან ბაქოს მეტროებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თბილისურ მიწისქვეშა ტრანსპორტში ყველგან „ღრმა სიძველის არომატს“ იგრძნობთ: მეტროში ძველი კიბეები და ესკალატორებია, რომლებიც, ამის მიუხედავად, დღემდე გამართულად მუშაობენ. სხვათა შორის, ესკალატორები საკმაოდ სწრაფად მოძრაობენ და შეიძლება ზოგიერთი მგზავრისათვის მოუხერხებელიც კი იყოს, მაგრამ კარგია, რომ მიწისქვეშა ვაგონებით ქალაქის თითქმის ყველა უბანში მოხვდებით.

თბილისის მეტრო საბჭოთა მემკვიდრეობის ერთ-ერთი შემორჩენილი ძეგლია, რომელსაც საქართველოს ისტორიის მუზეუმში ცალკე სართული აქვს დათმობილი. თვითონ მუზეუმი კი დიდი მრავალსართულიანი შენობაა, ყოველი სართული განსაზღვრულ ისტორიულ ეპოქას ეთმობა: მაგალითად, საბჭოთა ეპოქა სხვებისაგან შავი ფერით გასხვავდება.

ეკლესიები და ღირსშესანიშნაოებები

თბილისს შეიძლება ეკლესიების ქალაქი უწოდო. ქალაქის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში უამრავ ლამაზ ეკლესიას ნახავთ, დიდებს და შედარებით პატარებს. ტურისტები ეკლესიებს თითქმის ყველა ქუჩაზე აწყდებიან. როგორც ამბობენ, თბილისი წმინდა გიორგის დაბადების ადგილია. ქალაქის პატარა, მაგრამ მთავარ მოედანზე, რომელსაც თავისუფლების მოედანს უწოდებენ, დიდი სვეტია აღმართული, ცხენზე ამხედრებული მოოქროვილი წმინდა გიორგის გამოსახულებით.

ადგილობრივი ქართველები რელიგიურები არიან, შესაბამისად, ქრისტიანულ სიმბოლოებს ყოველ კუთხეში ნახავთ. მართლმადიდებლური ტაძრებში სალოცავად ბევრი ქართველი დადის. ყველგან ღვთის მშობლის მარიამის სახეებია გამოფენილი, მოციქულები, ჯვრების და ხატები, რომლებსაც ტაქსებშიც ნახავთ. თბილისელები მშვიდი ხალხია და ალბათ, ამას მათი რელიგიურობაც განაპირობებს.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მდებარე დიდი და ლამაზი შენობები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდების მოწმენი არიან. ასეთ შენობებს მიეკუთვნებიან თბილისის უნივერსიტეტი, პარალემტისა და ეროვნული მუზეუმის შენპობები.

მდინარე მტკვარი ქალაქ ორ ნაწილად ჰყოფს. არის ძველი და ახალი ქალაქის კვარტლები. ძველ თბილისში ბევრი ტურისტული და არქეოლოგიური ძეგლებია, ასევე პატარა სასტუმროები, რესტორნები და კაფეები. აქ ძალიან ბევრ ტურისტს ნახავთ, რომლებიც მრავალრიცხოვან მცირე მაღაზიებში სუვენირებს ყიდულობენ.

პრეზიდენტის სასახლე ბორცვზეა აშენებული და ზემოდან მდინარეს გადმოჰყურებს. თუ იქ მოხვდებით, შეგიძლიათ ქალაქის პანორამით დატკბეთ. სასახლეს მინის გუმბათი აქვს. ქალაქის პანორამა სასახლის მოპირდაპირე მხარიდანაც შეიძლება ნახოთ - მდინარის გაღმა, თითქმის იმავე სიმაღლეზეა ნარიყალას ციხე და მის გვერდით „ქართლის დედის“ დიდი, 20 მეტრი სიმაღლის ქანდაკება მახვილით და ღვინის თასით ხელში. „ქართლის დედა“ საქართველოს და თბილისის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება.

ქალაქში ბევრი პარკი და ბაღია, მათ შორის ცნობილი „მუშთაიდის ბაღი“. იმ ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის სიმბოლოებს ეძებს, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრობა, სადაც იაფად იყიდება საბჭოთა პერიოდის მონეტები, კუპიურები, სამხედრო და სხვა დანიშნულების საგნები. აქ შეიძლება ნახოთ საბჭოთა ჯარისკაცის მედლები, სამხედრო ფორმა, წყლის მათარები, დროშები, კომპაქტ-დისკები... ბაზრობაზე ბევრია ანტიკვარიატი და ხელით დამზადებული ნივთები.

საქართველოდან დაბრუნებისას თქვენ აუცილებლად გამოიყოლებთ წარსულ საბჭოურ და თანამდროვე დასავლური ატმოსფეროს ნაწილს, ქართულ არომატს და იქაურ ეკლესიურ სიმშვიდეს, ასევე სიხარულს იმის გამო, რომ ამდენი მშვენიერება და სილამაზე მხოლოდ ერთ  ადგილზე - თბილისში ნახეთ. ამ ყველაფრით, დაბალი ფასების გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ახლო და შორეული საზღვარგარეთის ტურისტებისათვის.

---------

https://raseef22.com/article/1074041