„ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა“ - ოლეგ ბასილაშვილი

„ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა“ - ოლეგ ბასილაშვილი

ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოსა და თეატრის არტისტი ოლეგ ბასილაშვილი გიორგი გაბუნიას სკანდალური მონოლოგის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილ დაძაბულობას გამოეხმაურა.

„თუ კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მონოლოგზე ვისაუბრებთ­, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო და რაც მთავარია, უცენზურო გამოსვლა. ჟურნალისტს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი ყოველი სიტყვა უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან არ გვქონია საქმე - ეს გახლდათ რუსეთისა და კერძოდ, მის პრეზიდენტის პროვოცირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც მას, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიღაც ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა. გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ.

ხელოვნური დაძაბულობა შემთხვევით არ მიხსენებია - საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც ასეთი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ამის აღიარება ბევრს არ უნდა. და მაინც, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია ორ ხალხს შორის ურთიერთობის დალაგება.“- განაცხადა ბასილაშვილმა.

 

„კვირის პალიტრა“