„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს“ - ანა დოლიძე

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს“ - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს და სექტემბერში ხუთ-ექვს ვაკანსიაზე გამოცხადდეს კონკურსი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

დოლიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წინასწარ შეთანხმებით მოქმედი მაფიოზური ტიპის ჯგუფი არსებობს და კარგად ჩანს, რომ „დამთხვევების ის ხარისხი, რითაც ეს მაფიოზური ჯგუფი კანდიდატებზე შეთანხმდა, არის გამორიცხული, თუ არა წინასწარი შეთქმულება და გარიგება“.

„ბოლო თვეების განმავლობაში მივუთითებდით დარღვევებზე, რასაც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატების შერჩევის პროცესში ვხედავდით. ისეთი ხარისხის დარღვევები დაგროვდა, რაც პროცესის წინ წასვლას შეუძლებელს ხდის. გარდა იმისა, რომ არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის, დამთავრებული იმით, რომ იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში რამდენიმე ადამიანის ნათესავი იღებს მონაწილეობას. ამ პროცესის შედეგად არჩეული ადამიანები უზენაესს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ - პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ იქ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, “სასამართლოში არსებული მაფიოზული ჯგუფის სასარგებლოდ, პარლამენტში, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეიკერა კანონი“.

“სწორედ კობახიძეა მათი ხმა და ინტერესების წარმომადგენელი პარლამენტში, ვანო ზარდიაშვილთან და სხვა წვრილმანებთან ერთად“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.