„მსგავსი პროვოკაციები ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობას“ - აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი „კეშიჩკიდაღის“ ინციდენტზე

„მსგავსი პროვოკაციები ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობას“ - აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი „კეშიჩკიდაღის“ ინციდენტზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სახელმწიფო საზღვრებისა და კასპიის ზღვის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა ინტერვიუ მისცა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჟს“ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც პირთა ჯგუფმა მოაწყო აზერბაიჯანელი მესაზღვრეების წინააღმდეგ სამონასტრო კომპლექს კეშიჩკიდაღის ტერიტორიაზე.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს:

- როგორც ცნობილია, ორი დღის წინ პირთა ჯგუფმა, დაარღვია რა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან მღვიმური სამონასტრო კომპლექსის „კეშიჩკიდაღის“ ტერიტორიაზე, თავს დაესხა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რომლებიც უცენზურო-უშვერი სიტყვებით გალანძღეს, ძალა გამოიყენეს და იარაღი წაართვეს. რას იტყოდით ამ ფაქტთან დაკავშირებით?

- დიახ, სამწუხაროდ, 14 ივლისს პროვოკაციული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება მოხდა, რომელიც პირთა ჯგუფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა - ისინი თავს დაესხნენ მესაზღვრეთა განწესს, რომელიც სახელმწიფო საზღვარს იცავდა. ვვარაუდობ, რომ ეს ინციდენტი არ არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქართველ მესაზღვრეებს, რადგან მათ, საკუთარი უმოქმედობით, პროვოკატორები და დანაშაულებრივი ელემენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადმოუშვეს.

ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი პროვოკაციები და ინციდენტები ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, აუცილებლად უნდა დაისაჯონ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

- დღემდე მედიაში გაჟღერდა სხვადასხვა თვალსაზრისები კეშიჩკიდაღის მღვიმური სამონასტრო კომპლექსის მიმართ. გთხოვთ თქვენი პოზიცია გაგვაცნოთ...

- რაღაც კულტურულ-რელიგიური თუ სხვა არასამართლებრივი ფაქტები არ შეიძლება საფუძველი იყოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისათვის. უბანი, რომელიც მღვიმურ სამონასტრო კომპლექსს კეშიჩკიდაღს მოიცავს, ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტებით და ფაქტობრივი სარგებლობის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ეს ასევე ასახულია ტოპოგრაფიულ რუკებზეც, რომელიც საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ არის დამტკიცებული ჯერ კიდევ 1963 წელს, და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორივე მხარის მიერ მიღებული იყო როგორც ადმინისტრაციული საზღვარი. ამიტომაც სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ უბნის რაიმე სადაო მონაკვეთთან დაკავშირებით ყოველგვარი ლაპარაკი ზედმეტია. იმავდროულად, ეს უბანი, ისევე როგორც სხვა ჯერ-ჯერობით შეუთანხმებელი უბნები, შეთანხმებული უნდა იქნეს დელიმიტაციის ჩარჩოებში და განმტკიცებული უნდა იყოს ხელშეკრულებით სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელსაც ხელს მოაწერს ორივე სახელმწიფო.

- რა ზომების გატარება იგეგმება კომისიის ჩარჩოებში მომდევნო ეტაპზე?

- სინანულით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიების მუშაობაში ხანგრძლივი შესვენებები ხდება. ამის მიზეზია პარტნიორების ხშირი ცვლა. აზერბაიჯანული მხარე დიდ ძალისხმევას ახმარდა სხდომების თანმიმდევრულ ჩატარებას. მორიგ მე-12 სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის 23-24 მაისს გაიმართა ბაქოში, სამუშაო ჯგუფების დონეზე მიღწეულ იქნა შეთანხმება საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების დათვალიერების თაობაზე და შესაბამისი გაზომვითი სამუშაოების განხორციელებაზე. ჩვენი მხრიდან (ქართული მხარისადმი) შეთავაზებული იქნა ამ სამუშაოების დრო - მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევარი. იმავე შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ კომისიის მორიგი სხდომა დაგეგმილია საქართველოში ჩატარდეს.

 

წყარო: https://azertag.az/ru/xeber/Specialnyi_predstavitel_Prezidenta_Azerbaidzhana_otvetil_na_voprosy_AZERTADZH_v_svyazi_s_incidentom_proizoshedshim_na_territorii_kompleksa_Keshikchidag-1306962