„საქართველო ჩვენ კი არ დაგვიკარგავს, საქართველომ თავისი თავი თვითონ დაკარგა“ - მარია ზახაროვა

„საქართველო ჩვენ კი არ დაგვიკარგავს, საქართველომ თავისი თავი თვითონ დაკარგა“ - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 16 ივლისს, რადიოსადგურ «Комсомольская правда»-ს პირდაპირ ეთერში (პროგრამა «Простыми словами») ისაუბრა და რამდენიმე სიტყვით საქართველოში განვითარებულ მოვლებესაც შეეხო. 

რუსი ტელეწამყვანის კითხვაზე: როცა ქართული ტელეარხის ეთერში რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რატომ არ აამოქმედა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის ფორმალური პროცედურა, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს? - ზახაროვამ  ასე უპასუხა:

- აბა რა უნდა გვექნა, სამინისტროში ხომ ვერ გამოვიძახებდით საქართველოს ელჩს, რომელიც მოსკოვში აღარ არის? ჩვენ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, თბილისმა თვითონ გაწყვიტა. იმ საპარლამენტო ფორუმის თბილისში გამართვის შესახებ, რომლის დროსაც თბილისში უწესრიგობები დაიწყო, ქართულმა მხარემ არაერთხელ გვთხოვა. ჩვენს კითხვაზე - შეგიძლიათ თუ არა ასამბლეის ჩატარებისათვის შესაბამისი პირობების, ანუ უსაფრთხოების, პატივისცემისა და სამუშაო ვითარების უზრუნველყოფა  - გვითხრეს, რა თქმა უნდაო. შემდეგ კი ჩვენ დავინახეთ, რაც მოხდა. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია“.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, „საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რომც არავინ ჩამჯდარიყო და სიტყვით ფეხზე მდგომი გამოსულიყო, რაღაც საძაგლობა მაინც მოხდებოდა“.

„ძალიან ხშირად მსაყვედურობენ: ჩვენ საქართველო დავკარგეთო. ალბათ, ეს ბოლო მოვლენები რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ამ საკითხზე გარკვეულად მემსჯელა კიდეც, მაგრამ ახლა ერთი რამის თქმა მინდა: თქვენ არ ფიქრობთ იმას, რომ საქართველომ დაკარგა საკუთარი თავი? მათ, ქართველებმა, ყველაფერი თვითონვე დაანგრიეს“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

მარია ზახაროვამ ასევე გაიხსენა, რომ იგი მივლინებაში იყო, როცა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის უცენზურო გინების შესახებ შეატყობინეს.

„ვფიქრობდი, რომ იმ ვიდეოკადრს არ ვნახავ-მეთქი, რაში მჭირდებოდა ვიღაცის არასასიამოვნო და უშვერი გინების მოსმენა, მაგრამ რომელიღაც კოლეგამ მომწერა - აუცილებლად ნახეო. როცა ვნახე, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა იმის გაფიქრებაზე, თუ რას განიცდიდნენ და რა მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ ამ კადრების შემდეგ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველო მართლაც ნამდვილად უყვართ. მათი გრძნობები ფეხქვეშ იქნა გათელილი და ეს ახლაც გრძელდება“, - განაცხადა ზახაროვამ.

 

წყარო: https://www.kp.ru/online/news/3541475/