„პუტინის განცხადება, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა“ - გლენ ჰოვარდი

„პუტინის განცხადება, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა“ - გლენ ჰოვარდი

ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტის გლენ ჰოვარდის განცხადებით, პუტინის კომენტარი საქართველოს ოკუპანტობაზე აბსურდია და ის ამ განცხადებებით, ცდილობს საქართველო დააშინოს. ამის შესახებ ჰოვარდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჰოვარდი თვლის, რომ საჭიროა ნატოსა და ამერიკასთან მეტი თანამშრომლობა სამხედრო და სხვა დონეებზე, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დასავლელი პარტნიორები საქართველოს თავდაცვაში დაეხმარებიან.

„ვფიქრობ, პუტინის განცხადება, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ასევე, ეს იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც და შეურაცხყოფაც შესაძლებელია. ეს ძალიან უცნაური გაცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს თავად აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილის იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს.“- აცხადებს ჰოვარდი.

მისი თქმით, პუტინი ცდილობს ამოატრიალოს დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსული აგრესიისგან დაზარალდა.

„ის ცდილობს ეს შეხედულება მკვეთრად შეცვალოს და გამოიყენოს ქართველების წინააღმდეგ. აქამდე მათი ნარატივი ის იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველოა დამნაშავე და თავისი ცუდი მთავრობის გამო საქართველომ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. არ მგონია, რომ პუტინს სჯერა იმის რასაც ახლა ამბობს. ვფიქრობ, მისთვის ესაა გზა, რომ დაუსრულებლად დააშინოს საქართველო, რომელიც ასეთი წარმატებული გახდა. მითუმეტეს ახლა, როდესაც საქართველოში ამდენი ტურისტი ჩამოდის, არის გზაჯვარედინი აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის, ასევე, აქვს, არაჩვეულებრივი, ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის განვითარებაც სურს საქართველოს. ასე რომ, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს საამაყო რომ აღარაფერი ვთქვათ მის არაჩვეულებრივ კულტურაზე, ღვინოსა და საჭმელზე“, - ამბობს გლენ ჰოვარდი ამერიკის ხმასთან.