თუ დავა წარიმართება სასამართლოში და სასამართლო რაიმე ტიპის კომპენსაციას დაგვაკისრებს, მაშინ ამას შევასრულებთ - პაატა სალია

თუ დავა წარიმართება სასამართლოში და სასამართლო რაიმე ტიპის კომპენსაციას დაგვაკისრებს, მაშინ ამას შევასრულებთ - პაატა სალია

პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას კონტრაქტთან დაკავშირებით სასამართლო დავა გაიმართოს. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, ის ნიკა გვარამიას კონტრაქტს არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გვარამიას განცხადება, რომ თანხის გადახდის გარეშე მისი გათავისუფლება შეუძლებელია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე არ ვიცნობ ამ ხელშეკრულებას. სამართლებრივ შეფასებას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც გავეცნობი, თუმცა ის, რაც ცხადდება ზეპირად, ვფიქრობ, დაუსაბუთებელია. სამართლებრივად არ არსებობს იმგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რასაც ნიკა გვარამია აძლევს. ის ამბობს, რომ ვერ იქნება გათავისუფლებული, ვიდრე ფულს არ მიიღებს. ასეთი რაღაცა სამართლებრივად ნონსენსია.

 

მისი ეს განცხადება არ არის დამაბრკოლებელი გარემოება. სასამართლოში დავას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე. არხის მესაკუთრემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მას სურს გაათავისუფლოს მოქმედი გენერალური დირექტორი. თანხის გადახდას რაც შეეხება, ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ, პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ეს დავა წარიმართება სასამართლოში და სასამართლო რაიმე ტიპის კომპენსაციას დაგვაკისრებს, მაშინ ამას შევასრულებთ",- განაცხადა პაატა სალიამ.