უჩუმრად და უხმაუროდ გაკეთებული საქმე - გიორგი ტაბიძე
უჩუმრად და უხმაუროდ გაკეთებული საქმე - გიორგი ტაბიძე

უჩუმრად და უხმაუროდ გაკეთებული საქმე - გიორგი ტაბიძე

მეოცე საუკუნე იწურებოდა.საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალი გახლდათ,1991-1992 წ.წ. სახელმწიფო გადატრიალებას საზოგადოებაში უზარმაზარი ნაპრალი ჰქონდა დატოვებული.ამას ემატებოდა, იმჟამინდელი ხელისუფლების ინდიფერენტულობა ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი და ე.წ. ზვიადისტების უმრავლესობის პოლიტიკური ნიშნით ციხეში გამომწყვდევა.ობიექტურობა მოითხოვდა ეს ადამიანები თავისუფლებაზე გამოსულიყვნენ,აბსურდული,შეთითხნილი ბრალდებები ამის ნათელი დასტური გახლდათ.
იმხანად პოლიტიკაში აქტიურად ვიყავი ჩართული,სიტუაციის გარდატეხის სურვილი მამოძრავებდა და თითქმის ყველასთან პოლიტპატიმრების თემის დაძვრაზე ვსაუბრობდი. ბ-ნ გოგი ოჩიაური და ქ-ნ ლია ანდღულაძე,ჩემი ოჯახის ახლობლები იყვნენ,მათთან იმ პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მქონდა.ერთ-ერთ შეხვედრაზე შევთანხმდით რომ აპრობირებული მეთოდით (აქციების გამართვა და ხელმოწერების შეგროვება)პოლიტპატიმრების თემას წამოვწევდით,პირველ ეტაპზე ხელმოწერები უნდა შეგვეგროვებინა. 
რამდენიმე დღეში,ალბათ ღვთის ნება იყო,ჩემს ახლობელს,ედუარდ შევარდნაძის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილიას შევხვდი.მოვუყევი მასაც არსებული პრობლემა... თემური სხვა თანამდებობის პირებისგან იმით განსხვავდებოდა რომ ბაქი-ბუქი არ სჩვეოდა,მომისმინა და მითხრა შეგეხმიანებიო.ვერ წარმოვიდგენდი თუ პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე აიღებდა,მაგრამ მეორე დილით დამირეკა და მითხრა: 
- შუადღეს შენ,ქ-ნ ლია და ბ-ნ გოგი ჩემთან მობრძანდითო.
მახსოვს,დედაჩემს ორივესთან სახლის ტელეფონზე დავარეკინე.ლია სახლში იყო,ვესაუბრე და კანცელარიასთან შეხვედრა დავუთქვი.ბ-ნი გოგი სახლში არ იყო,თავქუდმოგლეჯილი ე.წ.შანხაის უბანში არქიტექტორთა კავშირში გავიქეცი... დამხვდა... ძალიან თბილი შეხვედრა და ჩახუტება იცოდა.... მასაც შეხვედრაზე შევუთანხმდი.
მოკლედ შუადღეს სამივენი თემურ ბასილიას კაბინეტში ვისხედით:
-გუშინ,გვიან შევარდნაძეს ვესაუბრე- ყვება თემური
-თქვენს შესახებ ვესაუბრე,საკითხის აქტუალობაზე,ასევე ვკითხე,რატომ ზის ძიძიგური ციხეში?რა დააშავა ასეთი? და საერთოდ რატომ ამბობენ რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან? 
შევარდნაძემ მიპასუხა,წარმოდგენა არ მაქვს,სასწრაფოდ შემახვედრე... გველოდება.
სამივე გაოგნებული ვუყურებდით,ეს პირველი მერცხალი გახლდათ,რომელიც ამ თემას ადგილიდან დაძრავდა.
შეხვედრაზე ლია ანდღულაძემ, შევარდნაძეს ჩვეული პირდაპირობით უთხრა რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები,დაწვრილებით გააცნო ზვიად ძიძიგურის,მისი ძმის და სხვათა საქმეები.შევარდნაძე გულისყურით ისმენდა,არცერთხელ არ ჩართულა საუბარში,ბოლოს კი სთქვა, რომ ბასილიას მეშვეობით ექნებოდა კონტაქტი და ამ საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანდა.
იმედის მომცემი სიტყვების შემდეგ ისევ ბასილიას კაბინეტში შევიყარეთ.გოგი და ლია კმაყოფილები იყვნენ,თემურს მადლობას უხდიდნენ.მეორე დღესვე დაითქვა შეხვედრა... შევარდნაძე ამჯერად აშკარად მომზადებული იყო,უკვე დეტალებიც იცოდა... 
ბასილიას მეშვეობით სამი თუ ოთხი შეხვედრა შედგა.ხაზგასასმელია,რომ არცერთ შეხვედრას მედიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა,ამ ინფორმაციას არც კი გაუჟონავს.საქმიანი შეხვედრების შემდეგ,როდესაც ყინული, მარტო კი არ დაიძრა,უკვე გამღვალი იყო,შევარდნაძესთან დიდი, გაფართოებული შეხვედრა,სხვა ზვიადისტების თანხლებით გაიმართა,რომელსაც ჩვენ აღარ დავსწრებივართ... 
საკმაოდ მალე ზვიად ძიძიგური და სხვა პოლიტპატიმრები ციხიდან გამოუშვეს... უჩუმრად და უხმაუროდ გაკეთებული საქმე
ჩვენი ქვეყნის ტკივილით აღსავსე უახლესი ისტორიის ეს ეპიზოდი,დღეს დილით გამახსენდა,რომელშიც უზარმაზარი წვლილი პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა,რომელსაც ეს საკითხი თანამდებობრივად საერთოდ არ ეხებოდა,გოგი ოჩიაურმა და ლია ანდღულაძემ თავიანთი სიმართლითა და შეუპოვრობით შეიტანეს.მეც იქვე ახლოს ვიყავი და დღესაც ამ წარმატების გახსენებით გახარებული გესაუბრებით.

P.S.უახლესი ისტორია,უამრავი ნიუანსი,ერთმანეთის გატანა,ჩრდილიდან თუ საჯაროდ დამდგარი შედეგი,უჩუმრად და უხმაუროდ გაკეთებული საქმე,ვფიქრობ რომ ეს პატარა,მაგრამ მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საზოგადოებისთვის მაინც უნდა მომეთხრო 

2018 წელი 10 მაისი.თბილისი