ოქრუაშვილის დაცვის წევრის თქმით, პოლიციელებმა იარაღი „ჩაუდეს“

ოქრუაშვილის დაცვის წევრის თქმით, პოლიციელებმა იარაღი „ჩაუდეს“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრმა კობა კოშაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ პოლიციელებმა იარაღი „ჩაუდეს“.

"შვილის საფლავზე გავედი, ღობე მქონდა შესაღები და პირადი მანქანით წამოვედი მარტო. თბილისში რა დროს შემოვედი არ მახსოვს, წინ პოლიცია გადამიდგა. ვიფიქრე, დაღლილი რომ ვიყავი, სიჩქარეს გადავაჭარბე. პირადობის მოწმობა მომთხოვეს. რა გაქვს საბარგულშიო, მკითხეს. 3 კილო კიტრი, ჩემი ხელით მოკრეფილი კიტრი მიმაქვს-მეთქი ვუთხარი. დავინახე რომ გვერდით სკამზე იარაღი დაიდო, გამეცინა, ეს რა არის-მეთქი? იარაღი არ მიხსენებია. რა დაინახეო, მკითხეს. შენ რაც დაინახე, ის-მეთქი, ვუთხარი. მაკაროვი შენიაო? მკითხეს. იარაღი არ მქონია. ვმეგობრობ ირაკლი ოქრუაშვილთან - ჩემი შვილის ნათლიაა. იქვე ვუთხარი, ირაკლის მეგობარი ვარ და მასთან ვმუშაობ-მეთქი", - განაცხადა კოშაძემ.

კოშაძის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებისა და პირადი თავდებობის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში უდგებიან კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაგაშვილი.

ამ წუთებში, მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე სათათბიროდ გავიდა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.