თეირანი: ბრიტანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები გამოძიების დასრულებამდე გემის ბორტზე დარჩებიან

თეირანი: ბრიტანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები გამოძიების დასრულებამდე გემის ბორტზე დარჩებიან

ევროპული სამაუწყებლო ტელეკომპანია «Euronews»-ს ინფორმაციით, თეირანმა განაცხადა, რომ ბრიტანული ტანკერის Stena Impero-ს ეკიპაჟის წევრები გამოძიების დასრულებამდე გემის ბორტზე დარჩებიან. როგორც ცნობილია, ტანკერი ირანელი სამხედროების მიერ ორმუზის სრუტეში იქნა დაკავებული იმ საბაბით, რომ გემმა ცურვის საერთაშორისო წესები დაარღვია. ტანკერი ირანის ნაპირებამდე, აუცილებელი შემოწმების მიზნით, ირანის ხომალდებმა მიაცილეს.

ირანელი სამხედროების მიერ დაკავებული კიდევ ერთი ტანკერის - Mesdar-ის ეკიპაჟმა, რომელსაც ნავთობი ლიბერიის დროშის ქვეშ გადაჰქონდა, „უსაფრთხოებასთან და ზღვის დაბინძურებასთან“ დაკავშირებით მიღებული გაფრთხილების შემდეგ, ცურვის გაგრძელების ნებართვა მიიღო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ირანის ისლამური რესპუბლიკა გააფრთხილა, რომ ტანკერების დაკავებას თეირანისათვის ცუდი შედეგები მოჰყვება:

 „ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო ვარიანტებს, - თქვა მან, - ჩვენ ამ სიტუაციის დიპლომატიური მოგვარების გზებს ვეძებთ. მაგრამ ერთი რამ ნათელია - ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სპარსეთის ყურეში თავისუფალი ნაოსნობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუ ნავიგაცია შეიზღუდება, მაშინ ამის გამო ყველაზე მეტად თვითონ ირანი დაზარალდება“,-განაცხადა ჰანტმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ გიბრალტართან ირანის კუთვნილი ტანკერი იქნა დაკავებული. ახლახან ინციდენტის გამოძიების ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა. სხვათა შორის, იმ დროს თეირანმა განაცხადა, რომ ტანკერის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებდა.

ამასთანავე, თეირანი აგრძელებს იმის უარყოფასაც, რომ შეერთებულმა შტატებმა ორმუზის სრუტეში მისი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თავისი სიმართლის დამადასტურებლად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც სწორედ „ჩამოგდებული“ დრონის მიერაა გადაღებული. თეირანში ვარაუდობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც ჩანს, შეცდომით საკუთარი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო და ახლა ამ ყველაფერს ირანს აბრალებს.

 

https://ru.euronews.com/2019/07/20/iran-wrap