„ამერიკა - მტერია თუ მოყვარე?“ რა საპასუხო სანქციების დაწესება შეუძლია თურქეთს აშშ-ის წინააღმდეგ

„ამერიკა - მტერია თუ მოყვარე?“ რა საპასუხო სანქციების დაწესება შეუძლია თურქეთს აშშ-ის წინააღმდეგ

ვაშინგტონის მიერ ანკარის წინააღმდეგ მიღებულმა სანქციებმა, კერძოდ, თურქეთის გარიცხვამ უახლესი ამერიკული F-35 თვითმფრინავების წარმოების პროექტიდან, თურქული პრესის გაღიზიანება გამოიწვია. გაზეთი „ენი ჩაგი“ ვარაუდობს, თუ რა საპასუხო სანქციებს დაუწესებს პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს. და საერთოდ, შეუძლია თუ არა თურქეთს ამერიკისადმი „ხელთათმანის სროლა“ და სანქციების დუელში გამოწვევა? სტატიის ავტორი ორხან უღუროღლუ, მიმოიხილავს რა ორ ქვეყანას შორის მომხდარ მოვლენებს ბოლო 17 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებს ცრუ-მოკავშირეს უწოდებს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციიის შემოკლებულ ვერსიას:

 

„ჩვენ და ჩვენი ცრუ-მოკავშირე - ამერიკის შეერთებულ შტატები - ვა-ბანკზე წავედით: თურქეთმა უახლესი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 მიიღო, ამერიკამ კი თურქეთი ავიაგანამადგურებლების - F-35-ის წარმოების პროექტიდან ამოშალა, რისთვისაც ჩვენ თავის დროზე დიდი თანხა გადავიხადეთ. ამრიგად, ამერიკამ თურქეთს სანქციები გამოუცხადა. იბადება კითხვა: რამდენად შეუძლია თურქეთს თავის მხრივ, ამერიკას საპასუხო სანქციები გამოუცხადოს?

 

ვფიქრობთ, თურქეთს შეუძლია აშშ-ის წინააღმდეგ შემდეგი შეზღუდვები დააწესოს:

- დახუროს აშშ-ის თვითმფრინავებისათვის ინჯირლიყის ავიაბაზა და საერთოდ ყველა მსგავსი სამხედრო ობიექტი;

- დახუროს აშშ-ის ხომალდებისათვის აქსაზის სამხედრო-საზღვაო ბაზა;

- უარი თქვას სამგზავრო თვითმფრინავების Boeing 787-9-ის („დრიმლაინერების“) ყიდვაზე ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. სხვათა შორის, ამ კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიაში თვითონ პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანიც მონაწილეობდა;

- გამოაცხადოს აშშ-ის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“

მაგრამ შეუძლია რეჯეფ ერდოღანის მთავრობას ასეთი ზომების მიღება (ანუ საქციების გამოცხადება) აშშ-ის პრეზიდენტის, პენტაგონისა და ნატოს წინააღმდეგ? განა იოლია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა და ამერიკის გამოწვევა?

ნუ დავივიწყებთ იმ გარემოებასაც, რომ არის სახელმწიფო, რომელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან ახარებს აშშ-თურქეთს შორის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი: რასაკვირველია, ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაცია გახლავთ. ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია, რომელმაც თურქეთისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ანკარას თანამედროვე უახლესი რუსული ავიაგამანდგურებლების ყიდვა შესთავაზა, უეჭველია, კიდევ უფრო დაუხლოვდება რეჯეფ ერდოღანს, რომლისთვისაც მოსკოვი კომპლიმეტებს არ იშურებს С-400-ის შეძენის გამო.

მაგრამ განა გაქრება რუსეთის მხარდაჭერით ის ეკონომიკური სიძნელეები თურქეთში, რომლებიც აშშ-ის სანქციებით იქნება გამოწვეული? ამერიკა - მტერია თუ მოყვარე?

მოდით, განვიხილოთ ის ეტაპი, რომელიც დღეს დგას ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობებში იმ მოვლენების კონტექსტში, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ბოლო 17 წლის განმავლობაში მოხდა, ანუ თურქეთში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მმართველობის პერიოდში.

როცა ამერიკას პრეტენზიები ჰქონდა ინჯირლიყის ბაზით სარგებლობაზე ერაყის ოკუპაციის დროს2003 წლის 1 მარტს თურქეთის პარლამენტში უარყოფილი იქნა დოკუმენტის პროექტი, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, თურქეთის მთავრობას უფლება ექნებოდა უცხოეთი სახელმწიფოებში თავისი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გაეგზავნა, მეორე მხრივ კი, უცხოეთის სახელმწიფოებს უფლება ეძლეოდათ თურქეთის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარის ნაწილები ჰყოლოდათ. კანონპროექტი არ იქნა მიღებული, რადგან კენჭისყრის დროს ოპოზიციას მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილმაც.

2003 წლის 4 ივლისს ქალაქ სულეიმანიაში, ჩრდილოეთ ერაყში) ამერიკელმა სამხედროებმა შტურმით აიღეს შენობა, სადაც თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ქვედანაყოფი იყო განლაგებული. შტურმის დროს 11 თურქი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ იქნა ჩაგდებული, მათ ხელბორკილები დაადეს და თავზე ტომრები ცამოაცვეს.

2016 წლის 15 ივლისს ფეთულა გიულენის ტერორისტულმა ორგანიზაციამ (FETÖ) თურქეთში სამხედრო გადატრიალების მუხანათური მცდელობა მოახდინა. თურქეთი დაბეჯითებით მოითხოვდა FETÖ-ს ლიდერის ფეთულა გიულენის გამდმოცემას,ლ ამერიკა კი ასევე დაბეჯითებით აცხადებდა: „არ გადმოგცემთ სასამართლოს დადგენილების გარეშეო“. მაგრამ იყო სასამართლო? არ ყოფილა...

თურქეთ-ირანის სავაჭრო ურთიერთობაში მონაწილეობის გამო ამერიკელებმა ირანული წარმოშობის თურქი ბიზნესმენი რეზა ზარაბი დააკავეს, მისი ბედი გაიზიარა „ჰალკბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ატილამაც. მოგვიანებით რეზა ზარაბი გაათავისუფლეს, მაგრამ მხოლოდ „დანაშაულის აღიარების“ შემდეგ...

ამერიკულ თემიდას დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ზაფერ ჩაღლაიანის მიმართაც.

ამერიკამ თავის მოკავშირედ აქცია ტერორისტული ორგანიზაციის - ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიული ფილიალი „დემოკრატიული კავშირი“ (PYD/YPG). ანკარის ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, ამერიკამ PYD/YPG-ს საჩუქრად გადასცა იარაღით და სამხედრო ტექნიკით დატვირთული ათასობით საბარგო მანქანა და ეს მიწოდება გრძელდება.

სტამბოლში „თურქეთის რესპუბლიკის დამხობის მცდელობის“ ბრალდებით დაკავებული იქნა აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი მეთინ თოფუზი, რომელიც, როგორც გაირკვა, თურქ პოლიციელებთან კონტაქტობდ. გარდა ამისა, მას FETÖ-სთან და სტამბოლის გენპროკურორთან, გადატრიალების მცდელობის მონაწილე ზექერია ოზთანაც ჰქონდა კავშირები; თურქეთში დაკავებული იქნა ამერიკელი პასტორი ბრანსონი, რომელიც მოგვიანებით, დონალდ ტრამპის ზეწოლით, გათავისუფლდა. ამასწინათ კი ანკარაში აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ აქაუნთზე ტვიტერში გამოაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისათვის აშშ-ში წასასვლელად ვიზების გაცემა შეწყვეტილიაო. აბა, რას იტყვით - ამერიკა თურქეთისათვის მოყვარეა თუ მტერი? თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ნატო თითქოსდა „ამერიკული ასოციაციაა“, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ამერიკა იტყვის.

როცა აშშ-ის ადმინისტრაციამ სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი არ მოგვყიდა ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისათვის, რა უნდა გვექნა? რასაკვირველია, მოვძებნეთ მისი შემცვლელი - რუსული С-400. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხი, რომელზეც არც რუსეთი და არც თურქეთი ჯერ-ჯერობით პასუხს არ იძლევიან.

ჩვენს F-16 ავიაგამანადგურებლებს და საერთოდ, ყველა სამხედრო თვითმფრინავს, ასევე ნატოს რაკეტებს რუსული С-400 „უცხოდ“ ჩათვლის? როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა?

გადასცემს თუ არა თურქეთი რუსეთს ნატოს პროგრამულ უზრუნველყოფას და პირიქით - გადასცემს თუ არა თურქეთი ნატოს С-400-ების პროგრამულ უზრუნველყოფას?

ჩვენ რუსეთს მილიარდობით დოლარს ვუხდით და რასაკვირველია, ფულს მოსკოვს სამახსოვრო სუვენირებისათვის არ ვაძლევთ.

 

წყარო:https://www.yenicaggazetesi.com.tr/iste-amerikaya-uygulayacagimiz-yaptirimlar-52649yy.htm