იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განმარტებებს აკეთებს

იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განმარტებებს აკეთებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. განცხადება პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა გააკეთა.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა განმეორებით განმარტავს, რომ იულია სუსლიაკის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით გადაგზავნილი იქნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკრაინული მხარისთვის საქმის გადაგზავნის თაობაზე, უკვე აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღმკვეთი ღინისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული იულია სუსლიაკის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ მიმართული იყო სასამართლოსთვის და სუსლიაკი გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც მისი შვილები იმყოფებიან.

თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მან საქართველოს ტერიტორია არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით დატოვა. ქართულმა მხარემ უკრაინულ კომპეტენტურ ორგანოებს არაერთხელ მიმართა უკრაინაში არსებული მტკიცებულებების ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობდა სწრაფ და ეფექტური მართლმსაჯულების განხირციელებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ქართულ მხარეს უკრაინიდან არანაირი მტკიცებულება არ მიუღია. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე ქართული მხარე არასრულწოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა, რის გამოც, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ მოგვმართა არასრულწლოვნების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე საქართველოს პროკურატურაში შეხვედრა შედგა გენერალური პროკურორის მოადგილეს, შს მინისტრის მოადგილეს, უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელსა და საელჩოს წარმომადგენელს შორის, რა დროსაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისი გარანტიების მიღების შემდეგ, არასრულწლოვნების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვების ყოფნის პერიოდში უკრაინული მხარე საელჩოს წარმომადგენის მეშვეობით მონიტორინგს უწევდა არასრულწლოვნების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მსგომარეობას საქართველოს ტერიტორიაზე და უკრაინულ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით”,-აცხადებს პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

რაც შეეხება სუსლიაკის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოშვებას, პროკურორის თქმით, აღნიშნული შსს-ს კომპეტენციაა. მისივე განმარტებით, ამის შესახებ პროკურატურის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა.