ეთერში გინება და ცრუ ამბების შექმნა მედიის თავისუფლება არაა - მაია ცქიტიშვილი

ეთერში გინება და ცრუ ამბების შექმნა მედიის თავისუფლება არაა - მაია ცქიტიშვილი

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ, უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ ეთერი, ცრუ ამბები შექმნან, არავისთვის არაა ეს მედიის თავისუფლება" , - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რუსთავი2“-ს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შეზღუდვია.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმი, როგორც “რუსთავი2“-დან, ასევე ოპოზიციის სპექტრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვისმენდით შეფასებებს, თითქოს ხელისუფლებას “რუსთავი2“-ის ხელში ჩაგდების სურვილი აქვს. თითქოს ამისკენ იყო მიმართული მთელი სასამართლო სისტემა, მათ შორის “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს სურდათ ხელში ჩაგდება. სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, ყოველგვარი ინტერსპრეტაციების შესაძლებლობის გარეშე, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე, ყველა პროცედურის დაცვით. “რუსთავი2“-ს არ ჰქონია არავითარი შეფერხება საამართლიანი სასამართლოს ნაწილში, არ ყოფილა შეზღუდული არც მედია თავისუფლება და არც საკუთრებით უფლება.

სამწუხაროდ, “რუსთავი2“-ის ჟურნალისტები, ასევე ცალკეული პოლიტიკოსები და ჩემთვის კიდევ უფროს სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც აქვთ პრეტენზია, რომ მედიათავისუფლებაზე ფიქრობენ, დღესაც აგრძელებენ ამ რიტორიკას, იმ სურათის შექმნას, თითქოს “რუსთავი2“-თან მიმართებაში ხელისუფლებას გარკვეული გეგმები აქვს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ, უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ ეთერი, ცრუ ამბები შექმნან, არავისთვის არაა ეს მედიის თავისუფლება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.