2019 წლის ოქტომბრიდან მასწავლებლების ანაზღაურება გაიზრდება - განათლების მინისტრი

2019 წლის ოქტომბრიდან მასწავლებლების ანაზღაურება გაიზრდება - განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, მასწავლებლებს ანაზღაურება გაეზრდებათ.

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

კერძოდ: უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს; წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს; ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება: უფროსი მასწავლებელი – 1700 ლარი; წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარი; მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარი.

„პედაგოგების გარდა, ხელფასების ზრდა ეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებსაც, ტექნიკურ მუშაკებს. საშუალოდ, გაიზრდება 20 პროცენტით ამ შემოდგომიდან და ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება, შეეხება ყველა პერსონალს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.