დღეიდან თურქეთსა და საქართველოს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სატვირთო მატარებლების რეგულარული მოძრაობა იწყება

დღეიდან თურქეთსა და საქართველოს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სატვირთო მატარებლების რეგულარული მოძრაობა იწყება

დღეს, 23 ივლისს, თურქეთიდან საქართველოში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შესრულდება. ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რკინიგზების (TCDD - Türkiye Cumhuriyeti Devlet Demiryolları) და სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზების“ გენერალური დირექტორები ალი იხსან უიღუნი და დავით ფერაძე, ასევე სხვა ოფიციალური პირები.

როგორც TCDD-ის განცხადებაშია ნათქვამი, საექსპორტო ტვირთებიანი მატარებელი დღეს, 15 საათზე, უნდა გავიდეს თურქეთის ქალაქ ერზერუმის ახლოს მდებარე სარკინიგზო ლოჯისტიკური ცენტრიდან - პალანდოკენიდან ყარს-ახალქალაქის მიმართულებით. მასში აღნიშნულია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლით, თურქეთსა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის  ტვირთების გადაზიდვები დაჩქარდება. აღნიშნულ რკინიგზას სხვაგვარად „აბრეშუმის რკინიგზასაც“ უწოდებენ.

სატვირთო მატარებელი ხუთი ქართული ვაგონისაგან შედგება, რომლებიც თურქეთში სპეციალურად ჩაიტანეს. „ახალქალაქის სადგურზე პირველად მოხდება ვაგონების გოგორწყვილების (ავტომატურად) შეცვლა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და თურქეთის რკინიგზების ლიანდაგზე რელსებს შორის დაშორება სხვადასხვაა. შესაბამისად,  დაიზოგება ტვირთების მომსახურების დრო და მუშახელი“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

 

http://www.hurriyet.com.tr/ekonomi/turkiye-ile-gurcistan-arasindaki-ilk-ihracat-treni-yarin-hareket-edecek-41280770