რუსების უმრავლესობას მშვენივრად ესმით, რომ რაც არ უნდა თქვას კრემლმა, საქართველოში მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ

რუსების უმრავლესობას მშვენივრად ესმით, რომ რაც არ უნდა თქვას კრემლმა, საქართველოში მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ

დიპლომატიური კრიზისი ქართულ ტურიზმს ახლო მომავალში შეიძლება ძვირად დაუჯდეს // დღეს, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილია, ამ კავკასიური ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სტუმრები საზღვარგარეთიდან.

როგორც დანიის გაზეთში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაშია ნათქვამი, 1991 წლის შემდეგ ოდესღაც აყვავებული მოკავშირე რესპუბლიკა - საქართველო - კავკასიის რეგიონის თითქმის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამასთან, ბოლო წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა ტურიზმი, მაგრამ საუბედუროდ, საქართველოში მოგზაურობის მოყვარულთა უდიდესი რაოდენობა ძირითადად რუსეთიდან ჩადის. ასე რომ, ერთი თვის წინ დაწყებულმა დიპლომატიურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას მტკივნეულად დაარტყა. ერთ-ერთი დანიელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სანქციების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

-------------

„საქართველო ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება დასავლეთევროპელ და სკანდინავიელ ტურისტებს შორის. დღეს ამ კავკასიური ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სტუმრები საზღვარგარეთიდან - რუსეთთან მიმდინარე დიპლომატიური კრიზისის გამო, როცა მოსკოვმა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა.

ულამაზესი ეკლესია-მონასტრები, სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟები, უმშვენიერესი შავიზღვისპირა პლაჟები, უგემრიელესი სამზარეულო და თვალმიუწვდომელი ვენახები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. და თუ ამას დავუმატებთ თბილისს, ქვეყნის დიდ და არაჩვეულებრივ დედაქალაქს, ჩათვალეთ, რომ წინ საინტერესო გასეირნება და დასვენება გელოდებათ.

საქართველოს საკმაოდ ბევრი აქვს კომერციულად მომგებიანი შესაძლებლობები და შესაბამისად, ბოლო პერიოდში კავკასიის რეგიონში მდებარე ეს ყოფილი მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკა ბევრისათვის ახალ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად იქცა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, ოდესღაც აყვავებული საქართველო კავკასიის რეგიონის თითქმის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ გადაიქცა, თუმცა ბოლო დროს, ტურიზმის განვითარების კვალობაზე, სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო: 2018 წელს ამ პატარა ქვეყანამ, 4,6 მილიონი მოსახლეობით, სტუმრების რეკორდული რაოდენობა - თითქმის 9 მილიონი უცხოელი მიიღო, მაგრამ ტურიზმი შეიძლება მნიშვნელოვნად დაზარალდეს საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს - რუსეთს შორის დაწყებული ახალი დიპლომატიური კრიზისით.

გასული თვის - ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებისათვის საქართველოს მიმართულებით ფრენა  გაურკვეველი ვადით აიკრძალა. იმავდროულად ყველა რუსულ ტურისტულ სააგენტოს  რეკომენდაცია მიეცა საქართველოში ტურების ორგანიზების შეწყვეტის მიზნით, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ეკონომიკური ზარალი შეიძლება მიადგეს მდიდრულ სასტუმროებს შავი ზღვის კურორტებზე.

„საქართველოში ტურისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებია. ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ ბევრი, ალბათ, საქართველოში ისევ ჩავა მეზობელი ქვეყნების გავლით, რადგან ეს ქვეყანა პოპულარული მიმართულებაა. რუსების უმრავლესობას მშვენივრად ესმით, რომ რაც არ უნდა თქვას კრემლმა, საქართველოში თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნებაო, იქ მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, შავი ზღვის ნაპირზე არსებული სასტუმროები იტყობინებიან, რომ ნომრებზე ჯავშნები მასობრივად უქმდება. ზოგიერთი აცხადებს, რომ ტურისტების 80% დაკარგეს და ეს გაცხარებულ სეზონში, შუა ზაფხულში. ქვეყნის სხვა რეგიონებში კი, სადაც რუსეთიდან ნაკლები რაოდენობის სტუმრები დადიან, შედარებით მცირედ დაზარალდნენ. ამასთან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ სწრაფად მატულობს ტურისტთა ნაკადი ევროპული ქვეყნებიდან. ასე რომ, ავიამიმოსვლის აკრძალვა დიდხანს რომც გაგრძელდეს, დროთა განმავლობაში რუსი ტურისტებით არჩასვლით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება“, - თვლის ტომ ტრიერი, კავკასიის სპეციალისტი, რომელიც მრავალი წელია რეგიონში ცხოვრობს.

რუსეთმა მეზობელ ქვეყანაში ფრენა იმ დროს აკრძალა, როცა საქართველოში რამდენიმე კვირის წინათ მასობრივი პროტესტები დაიწყო - ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში და პარლამენტისაკენ გაემართა მოთხოვნით, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარია გადამდგარიყო. მასშტაბური დემონსტრაციები კი თბილისში მართლმადიდებელ ქრისტიანთა საერთაშორისო ფორუმზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, რომელშიც რუსეტის დელეგაციაც მონაწილეობდა. თბილისში ვიზიტის დროს რუსმა დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან რუსულ ენაზე მიმართა დარბაზში შეკრებილებს, რაც ბევრი დემონსტრანტისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომაც ისინი საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღებას შეეცადნენ. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს „მტერი“ და „ოკუპანტი“ უწოდა, ვლადიმერ პუტინმა კი მას ავიაფრენების აკრძალვით უპასუხა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის მიერ გამოცხადებული სანქციის გამო ქართველები უკანდახევას არ აპირებენ.

„რეაქციები სხვადასხვაა. გასაკვირი არაა, რომ ტურიზმის სფეროს მუშაკები შეშფოთებას გამოხატავენ. მაგრამ ქართველების უმრავლესობა გაღიზიანებულები არიან და თვლიან, რომ რუსეთმა საქარტველოს არ უნდა უკარნახოს, თუ როგორ უზრუნველყოს ქვეყანამ საკუთარი უსაფრთხოება და როგორი საგარეო პოლიტიკა გაატაროს. მათ სურთ იმის უფლება ჰქონდეთ, რომ მოსკოვს არ დაეთანხმნონ. ქართველებმა უკვე გადაწყვიტეს დასავლეთზე ორიენტირება და ფრენების აკრძალვა მათ ამას ვერ გადააფიქრებინებს“, - განმარტავს ტომ ტრიერი.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. რუსეთი მხარს უჭერს, მათ შორის ჯარითაც, საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს - „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს.

„სხვათა შორის, ამჯერად ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ახალი სანქციების დაწესების კანონპროექტზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის შესახებ, მაგრამ მას ამ კარტის გათამაშება, უეჭველია, კიდევ შეუძლია, თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესება გაგრძელდება. ქართული ღვინის დიდი ნაწილი ხომ დღეს რუსულ ბაზარზე იყიდება. საერთოდ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება პირველი არ არის: 2006 წლიდან 2013 წლამდე მოსკოვს უკვე ჰქონდა აკრძალული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ფრენებიც შეწყვეტილი იყო. რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებულმა ემბარგომ ექსპორტის ძლიერი შემცირება გამოიწვია და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დაარღვია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარა საქართველოს ახალ ბაზრებზე გასვლასა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში. ბევრი თვლის, რომ საქარტველოს ეკონომიკური მოწყვლადობის დონის შესამცირებლად აუცილებელია რუსეტში ექსპორტის შეზღუდვა და ძალისხმევის გააქტიურება ახალი ბაზრების ასათვისებლად. ამას ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებაც, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, - ამბობს ტომ ტრიერი.

ავიამიმოსვლის აკრძალვა ვრცელდება რუსულ ავიაკომპანიებზე - „აეროფლოტზე“, „ურალის ავიახაზებზე“, „პობედაზე“,  S-7-ზე, Red Wings-სა და Utair-ზე, აგრეთვე ქართულ ავიაკომპანიებზე - „საქართველოს ავიახაზებზე და Myway Airlines-ზე.

უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir-ის გეგმების მიხედვით, რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება ავიარეისების განხორციელება კოპენჰაგენსა და ქუთაისს შორის, რაც დანიასა და საქართველოს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი იქნება.

 

 

«Jyllands-Post» (დანია), 23 ივლისი, 2019 წელი

https://jyllands-posten.dk/premium/turengaartil/ECE11492748/Diplomatisk-krise-kan-p%C3%A5-kort-sigt-blive-dyr-for-georgisk-turisme/