მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთანაც აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთანაც აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთანაც აპირებს. ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ჟურნალისტებს თბილისის მერიასთან განუცხადა, სადაც კარვის გაშლის მოთხოვნით წერილი უნდა შეიტანოს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, კარავი ორ ლოკაციაზე გაიშლება.

"ვაპირებ გამოვიყენო კანონით ჩემთვის მონიჭებული უფლება და კარავი დავდგა ისევ იქ. ასევე ვაპირებ გავშალო მეორე კარავი იმ ანაკონდის ეზოს წინ, ივანიშვილის ეზოს წინ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის განმარტებით, დღეს აბსოლუტურად დარწმუნდა, რომ "ის ბავშვები დაასახიჩრეს პირდაპირ მისი კარვების გამო". როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, მთავრობას მისი კარვების ისე ეშინია, როგორც ატომური ბომბის და შესაძლოა, გამოიყენეს მომენტი იმისთვის, რომ კარვები დაეშალათ.

"მე ამას არც ვახმაურებდი და არც ვიძახდი, ამათ რაც გამომატარეს, ჯოჯოხეთში კარვებთან დაკავშირებით, რომ მე ეს კარვები დამეშალა. საბოლოოდ გამოიყენეს ეს მომენტი, შეიძლება ჩანაფიქრიც კი ჰქონდათ, რომ ამ სიტუაციით დაეშალათ ეს ჩემი კარავი.

429-ე დღე -ღამე არის იქ ვდგავარ და ვითხოვ სამართალს, სხვას არაფერს. სამართალს ვითხოვ ჩემთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც, ვითხოვ, დაისაჯონ ის ადამიანები და თქვან ის, რაც ჩაიდინეს უდანაშაულო ბავშვის მოკვლით და არ იციან ამ ტვირთს სად და როგორ გაექცნენ," - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.