ბრიტანეთის საელჩო „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხმაურება

ბრიტანეთის საელჩო „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხმაურება

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს ეხმაურება.

დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას აფასებენ.

„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა.