ვალენტინა მატვიენკო: „საქართველოში რუსოფობია ხელოვნურია - ადრე თუ გვიან ქართველები გააცნობიერებენ, საით უნდა წავიდნენ“

ვალენტინა მატვიენკო: „საქართველოში რუსოფობია ხელოვნურია - ადრე თუ გვიან ქართველები გააცნობიერებენ, საით უნდა წავიდნენ“

დღეს, მოსკოვში, რუსეთის ფედერალური კრების ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ საგაზაფხულო სესიის დასრულებასთან დაკავშირებით,  შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჩაატარა. პრესკონფერენციაზე მან რუსულ-ქართულ ურთიერთობზეც ისაუბრა. მატვიენკო თვლის, რომ საქართველოში რუსოფობია ხელოვნურად არის შექმნილი. ფედერაციის საბჭოს სპიკერი ასევე დარწმუნებულია ქართველი ხალხის სიბრძნესა და ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებაში.

„საქართველოში რუსოფობია ხელოვნურია. ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვს“, - განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ. იმავდროულად მან ეჭვი გამოთქვა, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დასრულდება, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი არ არის“.

„(საქართველოს ხელისუფლების) ბატონ-პატრონები დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს. ისინი აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ მიზნით ძალიან დიდ რესურსებს ხარჯავენ“, - განმარტა მან, - „მაგრამ მე მაინც მჯერა ქართველი ხალხის სიბრძნისა, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ქართველები გააცნობიერებენ, საით უნდა წავიდნენ, როგორ უნდა იცხოვრონ. მჯერა, რომ ქართველები დემოკრატიული პროცედურებით აირჩევენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე იმუშავებს“, - განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.

მატვიენკოს თქმით, „ყოველი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი ხვდება, რომ რუსეთი მისი (საქართველოს) მტერი არ არის და რომ რუსეთთან თანამშრომლობა ყველა თვალსაზრისით მომგებიანია“.

ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ჟურნალისტების წინაშე ისიც აღნიშნა, რომ მას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და ძალიან უფრთხილდება მათთან მეგობრობას. „მჯერა, რომ აუცილებლად დადგება დრო - ამას ჩვენი სიცოცხლის პერიოდშიც მოვესწრებით - როცა რუსულ-ქართული ურთიერთობები ნორმალური გახდება“, - აღნიშნა მატვიენკომ.

ვალენტინა მატვიენკო ვარაუდობს, რომ „რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - არ შემოღებულიყო ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ - ეს არის საღი აზროვნების დემონსტრირება, ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და რუსეთის განზრახვა - ყველაფრის მიუხედავად, ნორმალური დიალოგი ააწყოს და ურთიერთობა განავითაროს არა რეჟიმთან, არამედ ქართველ ხალხთან“.

 

https://tass.ru/politika/6701646