რუსეთმა ქართველების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხა არ გადაიხადა - იუსტიციის სამინისტრო

რუსეთმა ქართველების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხა არ გადაიხადა - იუსტიციის სამინისტრო

„დეპორტირებულების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო) რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში (2019 წლის 1 მაისამდე) რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა, იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან მყისიერად მოითხოვა საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა. მინისტრთა კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება" - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში