„ისე აიყვანეს ქუჩაში, თითქოს ობიექტის ასაფეთქებლად მიდიოდა“ - მარგველაშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე

„ისე აიყვანეს ქუჩაში, თითქოს ობიექტის ასაფეთქებლად მიდიოდა“ - მარგველაშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკოსების, როგორც ყველა სხვა ადამიანის დაკავება, მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა "დაკავება პოლიტიკური მოტივის ეჭვებს აჩენს".

"დაკავების ფორმას შეხედეთ, რატომ არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი აყვანილი ქუჩაში ისე, რომ თითქოს მისი სპეცოპერაცია ჩატარდა, თითქოს ობიექტის ასაფეთქებლად მიდიოდა და ამის გაუნებელყოფა მოხდა? დაიბარეს და არ მივიდა? ჩემთვის ეს დაკავების ფორმა ნაცნობია, ჩვენ ეს ფორმა ტელედაკავებების სახით გავიარეთ, როცა ამ მეთოდით საზოგადოებას ესაუბრებოდნენ", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, დღეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს პროკურორები და გამომძიებლები ელაპარაკებიან და ქართულ ოცნებაში არ დარჩა ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პოზიციას ჩამოაყალიბებს.

"ის საუბრობდა, რომ შეუთვალეს — დააპატიმრებენ, მაგრამ უცხოეთიდან მაინც დაბრუნდა და ასეთ ადამიანს, ამ ფორმით რატომ აპატიმრებენ?", — სვამს კითხვას ყოფილი პრეზიდენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი დააკავა. უწყება დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას ედავება.