ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის -მამუკა ბახტაძე

ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის -მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენის შედეგია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისავანტიურისტმა წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დადებითი დინამიკა დიდი ნეგატივის წყარო გამხდარიყო.

ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. შემდეგ ავანტიურისტებმა, „ნაციონალურ მოძრაობასვგულისხმობ და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის შეფასებით, ტურიზმზე, რომელიც ქართული ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივია, გავლენა 20 ივნისის მოვლენებმაც იქონია.

„20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გაზირზე. მაგრამ, ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ - რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? - ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? - ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დუშეთში სტუმრობისას.