ბატონო გიორგი, გამორჩეული მინისტრი ხართ - ქანთარია

ბატონო გიორგი, გამორჩეული მინისტრი ხართ - ქანთარია

„რასაც ახლა ვიტყვი, ფაქტი და რეალობაა და არავითარი გადაჭარბება. ბატონო გიორგი, თქვენ აღმოგაჩნდათ უნარი, როდესაც ადამიანს შეუძლია, კრიზისულ სიტუაციაში დაიცვას წონასწორობა და მდგომარეობა ჩააცხროს. ამ მხრივ ხართ გამორჩეული მინისტრი. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ და თითოეულ პოლიციელს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს და ასეთ დროს სრულიად არ მიკვირს, ბუნებრივია, რომ გარკვეული ოპოზიციური ფლანგიდან თქვენს გადადგომას ითხოვენ. ეს აბსოლუტურად ადვილი გასაგებია - მათი აზრით, ხელსაყრელია, თუნდაც მოვიდეს ისეთი ადამიანი, ვინც კრიზისს კი არ ჩააცხრობს, არამედ პირიქით, მღელვარებას გაზს მიცემს.

კითხვასთან დაკავშირებით: ჩვენ რამდენად გვაქვს ტრადიცია იმის, რომ შენდებოდეს ნაგებობა და მას გაძლიერებული პოლიციის კორდონი იცავდეს? ვფიქრობ, რომ არ გვაქვს. იცოდით თუ არა თქვენ, რომ პანკისში ჰესის დაწყების დროს, 35 თუ 40-მდე პოლიციელი გაიგზავნა და ვისგან უნდა ყოფილიყო დაცვა? ბუნებრივია, არა დათვებისა და მგლებისგან, არამედ, ხალხისგან. თუ ეს ინფორმაცია იყო, რატომ იყო გულუბრყვილოდ, რომ ისინი მოერიდებოდნენ პოლიციელებს? შეიძლება, იმ დღეს მოერიდებოდნენ, მეორე დღეს კი - არა. იმ სურათის თანახმად, რაც ვნახეთ, არა მგონია, ეს მხოლოდ ამ ჰესზე დაგროვილი უარყოფითი ენერგია ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დიდი ხნის დაგროვილი უამრავი და მგრძნობიარე პრობლემების გამო უარყოფითი მუხტი. კითხვა ეს არის: თუ იცოდით ამ უარყოფით მუხტის შესახებ, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და არა სხვა ნაბიჯი?“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ