ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება და გადაწყვეტილების გამოცხადებისას კვლავ გაიხსნება.

მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორის რეპლიკას დარბაზში მყოფი ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ტაში მოყვა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომაზე დამსწრე პირები ხმაურის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა და მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლე უფლებამოსილია სხდომა დახუროს.

რაც შეეხება პროკურორის რეპლიკას, ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია აქციაზე ბრალდებულებს ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ საუბრობდნენ. ადვოკატის კითხვაზე, თუ რაზე საუბრობდნენ, პროკურორმა თქვა, რომ ეს დასადგენია. სწორედ ამ რეპლიკას მოყვა დარბაზიდან ტაში. სწორედ ამის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდების მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. პროკურორები აცხადებენ, რომ არსებობს მათი მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ბრალდებულ გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატმა სამი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. თორნიკე დათაშვილის ადვოკატმა კი, აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ასევე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი.