„ბორდელი“ და ვან გოგის ცხოვრების „მსუბუქი“ ეპიზოდები

„ბორდელი“ და ვან გოგის ცხოვრების „მსუბუქი“ ეპიზოდები

   “ბორდელი“

   1888 წლის ოქტომბერი

   ვინსენტ ვან გოგი

   ბარნსის ფონდი, ფილადელფია.  

 

გადაჭარბებად  არ უნდა ჩაითვალოს იმის მტკიცება, რომ ვინსენტ ვან გოგი ბორდელებს გამუდმებით სტუმრობდა. მხატვრის ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ლამისაა ერთადერთნი იყვნენ ვისთვისაც დიდ შემოქმედს ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერისათვის შეეძლო მიემართა. ამგვარი თანადგომის მიღება საზღაურის სანაცვლოდაც ხდებოდა. მეძავებთან გამუდმებული სტუმრობა სავალალოდ აისახა ვინსენტის ჯანმრთელობაზე, თუმცა ისინი მას შრომაში ეხმარებოდნენ, როგორც ცოცხალი ნატურები.

ვან გოგმა სურათი „ბორდელი“ 1888 წლის შემოდგომაზე შექმნა,როდესაც იგი არლიში ცხოვრობდა. როგორც ჩანს სწორედ ამ დაწესებულების თანამშრომელმა ქალმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი მხატვრის ბედ-იღბალში.

როგორც ცნობილია, მოკვეთილი ყურის ისტორიაშიც მეძავი ქალი, სახელად როშელი ფიგურირებს, რომელსაც მხატვარმა შესაძლოა გაუგზავნა ან პირადად გადასცა სისხლიანი „ძღვენი“. არსებობს აზრი იმის თაობაზე, რომ ვან გოგსა  და გოგენს შორის „შავმა კატამ“ სწორედ როშელის გამო გადაირბინა. ვინსენტი იმდენად სათუთ გრძნობებს განიცდიდა მეძავის მიმართ, რომ ეს გარემოებაც კი არაფრად მიიჩნია. შესაძლოა, ამგვარი ექსტრავაგანტური საჩუქრის მეოხებით სურდა მხატვარს ქალისთვის საკუთარი გრძნობების დემონსტრირება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სურათზე „ბორდელი“ ასახულია სწორედ ის ადგილი სადაც როშელი მუშაობდა, მით უფრო, რომ არლი ერთი ციდა ქალაქია, რის გამოც ის მსგავსი დაწესებულებების სიუხვით ვერ იქნებოდა გამორჩეული.

გამოხატვის საკმაოდ ძუნწი  საშუალებებით ვან გოგმა შეძლო ბორდელში გამეფებული ინტიმური და ერთგვარად ავისმომასწავებელი ატმოსფეროს გადმოცემა.  ერთ-ერთ წერილში თეო მოგვითხრობს თავის მეორე ტილოზე - „ღამის კაფე“, სადაც წითელი და მწვანე ფერებით მას სურდა იმ დამღუპველი ვნებების გადმოცემა, რაც ადამიანებს ამოძრავებთ. თუკი „ღამის კაფე“-ში წითელი ფერი სჭარბობს, ამ ნახატში პირველი ვიოლინოს როლს მწვანე ასრულებს. როგორც თანდათანობით ჩამოწოლილი ბინდბუნდი, ეს ფერი  შთანთქავს კედელზე დაკიდებულ სურათებს, მაგიდებსა და გმირების სამოსს, სახეებს კი ინდივიდუალობისაგან დაცლილ ნიღბებს ამსგავსებს. რჩება კაშკაშა დეტალები, რომლებიც არ ემორჩილება იმ უპიროვნო ჭაობისფერ ატმოსფეროს, როგორიც კედელზე მიმაგრებული მოოქროსფრო-თბილი ლამპარი ან წინა პლანზე გამოსახული ქალის ბაგეებზე დავანებული წითელი საცხია.

 

ვან გოგი  ჟანრული სცენა, პოსტიმპრესიონიზმი

პუბლიკაცია მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა