გენდერული დისბალანსი ჩინეთში ანუ ქალები, რომლებიც უბრალოდ „არ არსებობენ“

გენდერული დისბალანსი ჩინეთში ანუ ქალები, რომლებიც უბრალოდ „არ არსებობენ“

გაეროს მონაცემებით, გენდერული ბალანსის ყველაზე დიდი დარღვევა ჩინელ ახალგაზრდებს შორის შეინიშნება, სადაც გასულ წელს 15-დან 29 წლის ასაკამდე ყოველ 100 ქალზე 280 მამაკაცი მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სქესთა შორის ურთიერთშეფარდება არის ერთი სამთან. როგორც ჩანს ზღვარი არც ამ მაჩვენებელზე გადის. პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის იგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და შეფარდება მეტი იქნება. ასეთი დისბალანსის აღმოფხვრას კი ათეულობით წელი დასჭირდება.

ასეთი ვითარება სულ უფრო ხშირად უწყობს ხელს ქალების მოტაცებას ან ქვეყანაში უცხოელი ქალების შეტყუებას, რათა მათგან ძალმომრეობით, ტყუილითა და დაშინებით სექსუალური მონები, ყოველმხრივ უფლებააყრილი არსებები და მეძავები შექმნან.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სპეციალური მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრავალწლიანმა პოლიტიკამ შობადობის ხელოვნურ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ასევე იმ გარემოებამ, რომ ჩინელები ტრადიციულად უპირატესობას ვაჟებს ანიჭებენ, მრავალმილიონიანი შერჩევითი აბორტი გამოიწვია. ამან თავის მხრივ კიდევ უფრო გააღრმავა დისბალანსი ვაჟებსა და გოგოებს შორის.

ჩინეთში, დამნაშავე პირები სულ უფრო ხშირად უწყობენ ხელს ჩინელი კაცების ძალადობრივ და უკანონო „ქორწინებებს“  სამხრეთელ, სამხრეთ-აღმოსავლელ  და აფრიკელ გოგოებთან.

ღატაკ რეგიონებში, სოფლის მცხოვრები ჩინელი კაცები ვერ ახერხებენ საცოლის პოვნას. ყმაწვილები იმედოვნებენ წარმატებულ ქორწინებაზე და ამ მიზნით უზარმაზარ ხარჯებს სწევენ საკუთარი სახლების მშენებლობაზე, რაც უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას განაპირობებს. ამასთან ერთად საცოლის გამოსყიდვა ასტრონომიულ თანხებს აღწევს და 30 ათას აშშ დოლარამდე ჯდება. ასეთი სახსრების თავიდან ასაცილებლად, ჩინელი ვაჟები საქორწინო შუამავალთა მომსახურებას მიმართავენ, რათა შეძლონ უცხოელ გოგონებზე დაქორწინება. გაწეული ხარჯების დასაფარად, შემდგომში ამ ქალებს სექსუალურ მონობას ან სასტიკ  შრომას აიძულებენ.

 

„ჩინური საფრთხის“ მასალის მიხედვით მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა