კურსი ინდოეთის ოკეანისკენ? ორმუზის სრუტეში ირან-რუსეთის მიერ დაგეგმილი ერთობლივ წრთვნები ჩატარდება

კურსი ინდოეთის ოკეანისკენ? ორმუზის სრუტეში ირან-რუსეთის მიერ დაგეგმილი ერთობლივ წრთვნები ჩატარდება

ბოლო დღეებში რუსეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ ერთი მიმართულებით გაღრმავდა: როგორც რუსული მასმედია იტყობინება, მოსკოვი და თეირანი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წრთვნების ჩატარებას გეგმავენ. ეს საკითხი გადაწყდა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, კონტრ-ადმირალ ჰოსეინ ჰანზადის რუსეთში ვიზიტის დროს, რომელმაც, უცხოელი სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო მასპინძელი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში.

საერთოდ, რუსეთისათვის ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარება „უცხო ხილი“ არ გახლავთ: მართალია, მოსკოვს ბევრი სამხედრო მოკავშირე არ ჰყავს, მაგრამ მაინც ახერხებს მსგავსი სწავლებების ჩატარებას, ძირითადად პოსტსაბჭოური „ნატოს“, ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრებთან (ვთქვათ, სომხეთთან, ბელარუსთან, ადრე უკრაინასთანაც), ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიის ნაწილებთან ერთად.

რაც შეეხება რუსეთ-ირანის სამხედრო ურთიერთობებს, ეს საყოველთაოდაა ცნობილი, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის მანძილზე, რომელიც სირიის საკითხში თანამშრომლობაში გამოიხატა. გავიხსენოთ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მიერ განხორციელებული და იმ დროისთვის დასავლეთისთვის საკმაოდ მოულოდნელი დაბომბვები, რომელიც შესაძლებელი გახდა ირანის მეშვეობით - ჰამადანის ავიაბაზაზე რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი და მრავალფუნქციური ავიაციის (Ту-22М3 და Су-34) განთავსებით, ასევე რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის მიერ სირიის მიმართულებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტები (ირანის ნებართვით, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით), რაც არანაკლებ სენსაციური ფაქტი იყო 2016 წელს. დღეისათვის ამ თემაზე უკვე ბევრი რამ არის დაწერილი და ამრიგად, მოსკოვ-თეირანის თანამშრომლობის გაღრმავება, თუნდაც სამხედრო საზღვაო სფეროში, არ უნდა გაგვიკვირდეს. იმავე კასპიის ზღვაზეც არაერთხელ გამართულა რუსეთ-ირანის ერთობლივი მანევრები. მაგრამ ჰოსეინ ჰანზადის განცხადებაში ახალი ისაა, რომ საზღვაო მანევრების ჩატარება დაგეგმილია არა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს (ანუ კასპიის ზღვაზე), არამედ რუსეთისაგან შორს, სამხრეთით მდებარე „თბილ ზღვებში“ - ინდოეთის ოკეანეში, ორმუზის სრუტეში, რომელიც სპარსეთისა და ომანი ყურეებს აერთიანებს და სადაც, როგორც ცნობილია, გრძელდება დაძაბულობის პროცესი ერთი მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, აშშ-დიდ ბრიტანეთს შორის. ვაშინგტონი და ლონდონი თეირანს ბრალად უყენებენ საერთაშორისო სანავიგაციო წესების დარღვევას, საზღვაო ტერორიზმს, რაც რეგიონში არასტაბილურობის დონეს ზრდის.

რასაკვირველია, ასეთ დროს ირანმა, როგორც ჩანს, თანადგომისათვის რუსეთს მიმართა - შეიძლება ითქვას, „ძველი ვალების“ გასასტუმრებლად, რუსეთიც დათანხმდა. ირანელი ადმირალის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რუსეთის რა ძალები მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ წრთვნებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს მუდმივად ჰყავს ხმელთაშუა ზღვაში, სირიის ნაპირებთან სამხედრო გემების დაჯგუფება, მოსკოვს, სავარაუდოდ, წრთვნებში მონაწილეობის მიღება არ გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის (წლის ბოლომდე).

მართალია, ორმუზის სრუტეში მანევრების დაგეგმვას პირდაპირი კავშირი არ აქვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა სამხედრო წრთვნებთან, კერძოდ, იმ სწავლებებთან, რომლებიც ამჟამად საქართველოს საზღვრებთან, ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო, ანდა თვით საქართველოს ტერიტორიაზე 27 ივლისს უკვე დაწყებულ წრთვნებთან, რომელშიც ნატოს სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეების რეკორდული რაოდენობა მონაწილეობს, მაგრამ მაინც შესამჩნევია, რომ მოსკოვი თავს დისკომფორტულად გრძნობს და ცდილობს როგორმე, რამენაირად საპასუხო ზომები მიიღოს, თუნდაც ირანთან ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წრთვნების დაგეგმვით, რომელსაც ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო სამხედრო-პოლიტიკური (გეოპოლიტიკური) მნიშვნელობა აქვს (დასავლეთისათვის საჩვენებლად), ვიდრე პრაქტიკული.

პუბლიკაცია მოამზადა სიმონ კილაძემ.