სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად ამოქმედება ვერ მოხდება, ეს საერთაშორისო სამართლის წესებს არღვევს - ქეთევან ციხელაშვილი

სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად ამოქმედება ვერ მოხდება, ეს საერთაშორისო სამართლის წესებს არღვევს - ქეთევან ციხელაშვილი

2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის .. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს. მისი თქმით, ეს არ არის გასაკვირი.

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის წესებს, ICAO- წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას არღვევს. უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად ამით აფხაზეთის რუსეთის, კერძოდ როსტოვის საჰაერო სივრცეში მოქცევა ხდება.

ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომლითაც უნდათ ყველა სფერო, აბსოლუტურად ყველა არხი რუსეთის გავლენის ქვეშ იყოს მოქცეული. არ არის გასაკვირი, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის .. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ. არც ეს ნაბიჯი გახლავთ გამონაკლისი. მით უფრო, ამას ხელს უწყობს .. წინასაარჩევნო კონტექსტი, რომელიც ახლა აფხაზეთში არსებობს .. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში. პოპულისტური ნაბიჯია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერს წარმოადგენს, გარდა კანონდარღვევისა და იმის მცდელობისა, რომ აფხაზეთი რუსული გავლენის სფეროში კიდევ უფრო მეტად მოექცეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 26 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცალსახად არის გადმოცემული, რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე. განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედებასთან და საერთაშორისო ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.