რობერტ სტურუა: ტრადიციულად, ქართული თეატრი, თუ ის მაინცდამაინც ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა, ხალხს სიმართლეს მაინც ეუბნებოდა

რობერტ სტურუა: ტრადიციულად, ქართული თეატრი, თუ ის მაინცდამაინც ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა, ხალხს სიმართლეს მაინც ეუბნებოდა

ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ, რომელიც ვორონეჟში (ანუ როგორც ამ ქალაქს უწოდებენ, „რუსეთის შავმიწანიადაგიანი მხარის დედაქალაქში“) იმყოფებოდა თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვ-თბილისს შორის ურთიერთობის გამწვავებამდე), ინტერვიუ მისცა «Российская газета»-ს კორესპონდენტს ტატიანა ტკაჩევას. „ვორონეჟელებმა გულთბილად მიიღეს ქართული სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ და დაინტერესდნენ ცნობილი რეჟისორის თავლსაზრისით თეატრალური „სამზარეულოს“ შესახებ,, მისი ხედვებით თანამედროვე მსოფლიო კულტურაზე, მისი დამოკიდებულებით კრიტიკაზე და სხვა საკითხებით“, - წერს ჟურნალისტი.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„ჩვენს ქვეყნებს შორის თითქოსდა რაღაც ფარდაა ჩამოშვებული. შეიძლება ფარდა ნახევრადგამჭვირვალეა, მაგრამ ის მაინც არის. ზოგჯერ არასწორი ინფორმაციებიც ვრცელდება... ჩვენთან საქართველოში თეატრები ძალიან მცირებიუჯეტიანია. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე 25 წელია მსახიობებს დამატებით ფულს უხდის: მან ყველა თეატრი გაარემონტა, იძენს განათებისა და ხმის აპარატურას. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო თეატრს ცოტა ზედმეტად მიიჩნევს, თუმცა, ჩემი აზრით, ხელოვნებისა [და კულტურის] დაფინანსებას უპირველესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. მეცნიერებს კიდევ შეუძლიათ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე არსებობა, მაგრამ ექიმებს, პედაგოგებს და ხელოვან ადამიანებს - არა.

გერმანიაში თეატრებისათვის კოლოსალური ბიუჯეტი გამოიყოფა. თურქებიც ძალიან დიდ თანხებს დებენ - ისინი გრძნობენ, რომ ევროპის ოჯახში შესასვლელად კულტურის განვითარება აუცილებელია. რუსეთშიც, ვფიქრობ, სახელმწიფო უფრო კარგად ეპყრობა თეატრს, ვიდრე ჩვენთან. თუმცა, თუ ხელფასებს შევადარებთ, მაშინ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ანაზღაურება ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე მოსკოვის Et Cetera-ს თეატრში.

ქართული თეატრი ერის მამებმა შექმნეს. ტრადიციულად, ქართული თეატრი, თუ ის მაინცდამაინც ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა, ხალხს მაინც სიმართლეს ეუბნებოდა - ანუ როგორც ამას აკეთებდა მსოფლიო დრამატურგია, ბერძნებიდან დაწყებული... 1930-იან წლებში ჩვენთან მუშაობდა გენიალური რეჟისორი სანდრო ახმეტელი. იგი დახვრიტეს, მსახიობები გადაასახლეს... თეატრს ბევრი უსიამოვნებები ჰქონდა იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგაც. მსახიობების უფროს თაობას ეს ყველაფერი ახსოვდათ... თეატრში, რომლის კედლები სისხლით არის შეღებილი, უხერხულია სულელური კომედიები დადგა. შეიძლება არც დადგა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც სიმართლის თქმაა.

რაც შეეხება კინოს: ოდესრაც ვოცნებობდი ფილმის გადაღებაზე, სამ წელიწადში ერთხელ კინოსცენარებს მალულად ვწერდი. ერთ-ერთი კინოსცენარი ჩემგან კიდეც იყიდეს, მაგრამ ფილმის გადაღებამდე საქმე მაინც არ მისულა. კინოფილმისთვის საჭიროა დაძაბული სიუჟეტი, თითქმის ტრილერი. ან ინტელექტუალური დეტექტივი. სერიოზული ფილმები არ მიყვარს - იმ სამი საათის განმავლობაში, რაც ფილმის ნახვისთვისაა საჭირო, უმჯობესია სახლში კარგი წიგნი წავიკითხო. მიყვარს „ბოევიკების“, სროლების ნახვა... მე შემიძლია პორნოსაც შევხედო, თუმცა ასეთი კადრები დღეს თითქმის ყველგანაა, ყოველნაირი ჟანრის ფილმში. ყველა კინორეჟისორიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფედერიკო ფელინი, რომელსაც დღეს ცოტა ვინმე თუ უყურებს, მათ შორის მეც. მეშინია ხელახლა ვნახო მისი ფილმები, რადგან ვაითუ შთაბეჭდილება შესუსტდეს იმასთან შედარებით, რაც ახლა ჩემს მახსოვრობაშია დარჩენილი პირველი ნახვის შემდეგ. უშიშრად მხოლოდ ჩარლი ჩაპლინის ფილმების ნახვა შეიძლება - კომედიურ ჟანრში დრო ვერაფერს ცვლის.

წყარო:https://rg.ru/2019/07/31/reg-cfo/gruzinskij-rezhisser-porazmyshlial-v-voronezhe-o-talante-i-kritike.html