ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. 

„მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია, რაც მახსოვს. კითხვები იყო ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობაზე, რაც არ ეხება ჩემ კომპეტენციას და არის ღრმად ფინანსური საკითხი, რასაც ვერ გადავწყვეტ და წარმოდგენაც არ მაქვს ამ საკითხებზე. 

ერთი კონკრეტული კონტრაქტი ადარდებთ და შეიძლება, რაღაც გაუგებრობა იყოს, მაგრამ ავხსენით, რაც იყო და როგორც იყო. მგონია, რომ პრობლემა არ იყო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.   

„აქ დავაც რომ იყოს, სისხლის სამართლებრივი კუთხით დავა აბსურდია, სამოქალაქო სამართლებრივად შეიძლება, რომ ვინმემ იდავოს“, - აღნიშნა „რუსთავი2“-ის ყოფილმა დირექტორმა.

გვარამიას გამოკითხვა ორ საათზე მეტი მიმდინარეობდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. 

საქმე ეხება საქართველოს გენერალური პროკურატურაში „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვაზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.