ილია ჭავჭავაძის შთამომავალმა კანადაში ზღაპრული ბაღი გააშენა (ფოტოები)

ილია ჭავჭავაძის შთამომავალმა კანადაში ზღაპრული ბაღი გააშენა (ფოტოები)

ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა, ნიკოლოზ აფხაზმა კანადაში ზღაპრული ბაღი გააშენა, რომელსაც „აფხაზების ბაღს“ უწოდებენ. ამ სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ბა­ღის შე­სა­ხებ, ambebi.ge-ს ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი ე­სა­უბ­რა: 

- 1988 წლის ემიგ­რან­ტულ­მა ჟურ­ნალ­მა "გუ­შაგ­მა" ნი­კო­ლოზ აფხა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნეკ­რო­ლო­გი მი­უ­ძღვნა. მა­შინ გა­ვი­გე, რომ კა­ნა­და­ში აფხა­ზე­ბის ბაღი ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­შიც გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია Abkhazi Garden-ის შე­სა­ხებ. ბოლო ხანს მომ­რავ­ლდა სხვა­დას­ხვა სა­ი­ტი და ვი­დე­ორ­გო­ლი ამ ბა­ღის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით და, ალ­ბათ, ბევ­რმა არც იცის, რომ ბაღი ქარ­თვე­ლი გმი­რის, კოტე აფხა­ზის ვა­ჟის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დის შვი­ლიშ­ვი­ლის, ნი­კო­ლოზ აფხა­ზის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

კოტე აფხა­ზის მე­უღ­ლე და ვაჟი ნი­კო­ლო­ზი 1921 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ხიზ­ნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ კო­ტეს ჩას­ვლას, 1923 წელს სამ­ხედ­რო ცენ­ტრის, კოტე აფხა­ზის დახ­ვრე­ტი­სა და მა­მუ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ პა­რიზ­ში უსახ­სროდ დარ­ჩე­ნილ ნი­კო­ლოზს მო­უ­წია თვი­თონ­ვე ეზ­რუ­ნა თა­ვის თავ­სა და დე­და­ზე. და­ამ­თავ­რა პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, ჰყავ­და მდი­და­რი ამე­რი­კე­ლი კლი­ენ­ტე­ბი. ასე გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა მდი­დარ ამე­რი­კელ ცოლ-ქმარ კე­ლებს. მათ სამეურვეოდ ჩააბარეს შესანიშნავი კარ-მიდამო და 120-ოთახიანი სასახლე, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა მეორე მსოფლიო ომამდე… ისინი იყვნენ ქართული სათვისტომოს აქტიური წევრები. ელენე მეგობრობდა ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟიშვილის ჯამლეთის ნათლიაც გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზი ებრძოდა გერმანელ ნაცისტებს. ტყვედ ჩავარდა, რამაც დედამისს სიცოცხლე მოუსწრაფა. მხოლოდ 1944 წელს გათავისუფლდა, 1946 წელს კი კანადაში გადასახლდა.

1921 წელს ნიკოლოზმა პარიზში გაიცნო მშვენიერი მარჯორი (პეგი) პემბერტონ-კარტერი (1902-1994). ნიკოლოზის მსგავსად, გოგონასაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. 3 წლის დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბედნიეროდ, ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა და ოჯახური სითბო აჩუქა.

მამობილის გარდაცვალების შემდეგ დედობილთან ერთად მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ნიკოლოზთან მიმოწერა ჰქონდა, მეგობრობდა, ხვდებოდა, როცა პარიზში ჩადიოდა, მაგრამ მათი გზები დიდი ხნით გაიყარა. 1939 წელს, დედობილის გარდაცვალების შემდეგ, პეგი დასახლდა შანხაიში, იმ ქალაქში, სადაც დაიბადა. 1937 წელს ქალაქი იაპონიამ აიღო. იაპონიის მიერ ამერიკული ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვისა და ამერიკის ომში ჩაბმის შემდეგ პეგი დაიჭირეს. ტყვეობის დროს ჩანაწერებს აკეთებდა, რომელთა საფუძველზე 1981 წელს გამოსცა წიგნი "უცნაური გალია". იმ დროს ნიკოლოზიც გერმანელთა ტყვე იყო, მხოლოდ სხვა კონტინენტზე. გათავისუფლების შემდეგ პეგიმ მიიღო ვიქტორიადან ძველი მეგობრების, მაკენზების მიპატიჟება. გაყიდა შანხაიში თავისი ქონება და 1945 წლის ბოლოს კანადაში გადასახლდა. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის სამხრეთ ნაწილში იყიდა მოზრდილი კლდოვანი და სარეველებით სავსე ნაკვეთი. იქირავა მუშები, დეკორატორი და არქიტექტორი, რომელმაც დაუპროექტა საზაფხულო სახლი. 1946 წლის შემოდგომისათვის უკვე მზად იყო სახლი და პირველი გაზონები.

1946 წლის იანვარში, 13 წლის მერე, პეგიმ ნიკოლოზის პირველი წერილი მიიღო. შემოდგომაზე ნიუ-იორკში დათქვეს შეხვედრა. შეხვედრა მალე ნიშნობით დასრულდა. 1946 წლის ნოემბერში ახალდაქორწინებულები ვიქტორიაში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ბაღის მოწყობას. წყვილმა მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი სულის გამოხატულება. 40 წელი ხვეწდნენ, ატარებდნენ ექსპერიმენტებს და აახლებდნენ ბაღს.

ბაღი შესანიშნავი პეიზაჟით, გუბურებით და საოცარი ნარგავებით მათ სიცოცხლეშივე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ მნახველს იზიდავდა. მათ შორის, სახელმწიფოთა მეთაურებსა და ცნობილ ადამიანებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როდოდენდრონების კოლექცია, რომელთაგან ერთი აფხაზების გამოყვანილია. 1987 წელს ამერიკის როდოდენდრონის მოყვარულთა ასოციაციამ საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ვიქტორიაში ჩაატარა, რათა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა მისცემოდათ აფხაზების ბაღის კოლექციით დამტკბარიყვნენ. ნიკოლოზსა და პეგის შვილები არ ჰყოლიათ და ეს ბაღი გახდა მათი შვილი. ბაღი, რომელიც, როგორც პეგი წერდა, "სიყვარულით აშენდა".

ნიკოლოზ აფხაზი 1987 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა, პეგი - 1994 წლის 14 ნოემბერს. ანდერძით, კრემაციის შემდეგ, მათ ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს. აფხაზების დეკორატორმა კრის ბოლმა და მოახლე მარია კამოსამ ვეღარ შეძლეს ბაღის შენახვა და ყოველწლიურად 30.000 დოლარის გადახდა. ბაღმა რამდენიმე პატრონი შეიცვალა. ბოლოს ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და მთელ ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია დაიწყო. არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდიოდა შეწირულობები 10-დან 10.000 დოლარამდე და 2000 წლის 17 თებერვალს კომპანია TLC-მა გამოისყიდა ეს ულამაზესი ბაღი.

დღეს ბაღი ძველებურად სავსეა ტურისტებით, მკვლევარებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და "სიყვარულის ბაღშიც" ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებში ან კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს.

აფხაზების ბაღი გადარჩა. ნიკოლოზისა და პეგის სულები, ალბათ, ბედნიერები არიან, რომ მათი სიყვარულით ნაშენი ბაღი დღესაც ცოცხლობს".

 

 

ambebi.ge