ჩეჩნებმა შეცდომად აღიარეს აფხაზების მხარეს ბრძოლა, ეს არ იყო იჩქერიის ოფიციალური პოზიცია - ტუმსო აბდურახმანოვი

ჩეჩნებმა შეცდომად აღიარეს აფხაზების მხარეს ბრძოლა, ეს არ იყო იჩქერიის ოფიციალური პოზიცია - ტუმსო აბდურახმანოვი

ჩეჩენი ბლოგერი და ანალიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც საქართველომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი  განუცხადა, თავის ვიდეობლოგში საუბრობს, რომ 1990-იან წლებში ჩეჩნებმა საქართველოში, აფხაზების მხარეს იმიტომ იბრძოლეს, რომ მათზე რუსულმა პროპაგანდამ იმოქმედა.

 “ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩეჩნები შეცდომაში იყვნენ შეყვანილები რუსული პროპაგანდის მიერ: მათ ვითარება ისე წარმოუჩინეს, თითქოს ისევე, როგორც თავად ჩეჩნები, რომლებიც დიდი იმპერიის მხრიდან წნეხს განიცდიდნენ და სუვერენიტეტი სურდათ, აფხაზებიც იღწვოდნენ  სუვერენიტეტისთვის საქართველოს მხრიდან რაღაც წნეხის გამო. ამიტომაც გარკვეული ჩეჩენი მოხალისეები მაშინ აფხაზეთში გაემგზავრნენ და მონაწილეობა მიიღეს იმ საბრძოლო მოქმედებებში. შემდგომში ბევრმა მათგანმა ეს შეცდომად აღიარა.

ყველა შემთხვებაში, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ოფიციალური პოზიცია. პირიქით, ჩვენი სახელმწიფო იმხანად თავშესაფრად იქცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის ზვიად გამსახურდიასთვის, რომელიც იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და იმყოფებოდა სომხეთში, სადაც, სამწუხაროდ, მისი უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. ამიტომაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გამსახურდიას პირადი თვითმფრინავი გაუგზავნა გროზნოში ჩასაყვანად. და გარკვეული დროის განმავლობაში ზვიად გამსახურდია ოჯახთან ერთად ჯოხარ დუდაევთან ცხოვრობდა.

ამ საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი: ჩეჩნები  - ეს ალბათ, ის უნიკალური ერია, რომელმაც მოახერხა, რეგიონის ყველა კონფლიქტში ორივე მხარეს მიეღო მონაწილეობა. გამონაკლისს ამმხრივ მხოლოდ ყარაბაღის  კონფლიქტი წარმოადგენს, რომელშიც ჩეჩნები მხოლოდ აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ, თუმცა მოგვიანებით აზერბაიჯანლებთანაც უთანხმოება მოუვიდათ და დაბრუნდნენ. ყველა დანარჩენ კონფლიქტში მათ ორივე მხარეზე მოახერხეს მონაწილეობა. ჩეჩნებმა იბრძოლეს როგორც აფხაზების, ისე ქართველების მხარეს; 2008 წლის ცხინვალის მოვლენების დროსაც ასე იყო: რუსეთის მხრიდან იბრძოდნენ ეთნიკურად ჩეჩენი სამხედროები (ბატალიონივოსტოკი”) და ქართველების მხრიდანაც იბრძოდნენ პანკისელებიახლაც იგივე ხდება უკრაინაში. ამმხრივ ჩეჩნები ალბათ, უნიკალური ხალხია”, - ამბობს აბდურახმანოვი.