ვლადიმერ პუტინს ძალა ელევა?  მოსკოვში გამართულმა დემონსტრაციებმა შეიძლება პრეზიდენტს შეცდომების დაშვებისაკენ უბიძგოს, რომელიც მისი ხელისუფლების სიმყარეს გამოცდის

ვლადიმერ პუტინს ძალა ელევა? მოსკოვში გამართულმა დემონსტრაციებმა შეიძლება პრეზიდენტს შეცდომების დაშვებისაკენ უბიძგოს, რომელიც მისი ხელისუფლების სიმყარეს გამოცდის

აშშ-ის გაზეთ The New York Times-ში ორ აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია მოსკოვში ამას წინათ გამართული საპროტესტო აქციების მიზეზები და სავარაუდო შედეგები. პუბლიკაციის ავტორია სტივენ სესტანოვიჩი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის პროფესორი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

„იმის გათვალისწინებით, რომ დემონსტრაციები მოსკოვში ისევ გრძელდება და დაკავებულთა რაოდენობამ უკვე ერთ დღეში ათასს გადააჭარბა, მოსკოვში პოლიტიკური აქტიურობის „აფეთქებაზე“ ლაპარაკი დაიწყეს, თუმცა, წარსულში მრავალჯერ იმედის გაცრუება გადატანილ რუს დემოკრატებს ესმით, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვან: რუსეთის პრეზიდენტს ხელისუფლების ბერკეტები მტკიცედ უჭირავს.

თუმცა დღეს ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა უკვე ნაკლებად მყარია, ვიდრე ადრე იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან (1991 წლიდან) პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხელისუფლებას, ჩვეულებრივ, ორი უხეში შეცდომიდან ერთ-ერთის დაშვების შედეგად ტოვებდნენ. ვლადიმერ პუტინმა და მისმა გუნდმა ორივე შეცდომა უკვე დაუშვა.

პირველი შეცდომა - ეს არჩევნებით აშკარად და დაუფარავად მანიპულირებაა. ხალხი ყველაზე მეტად ამით ბრაზდება: საქართველოში 2003 წლის შემოდგომაზე მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, უკრაინაში 2004 წელს - „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და ყირგიზეთში 2005 წელს - „ტიტების რევოლუცია“ არჩევნების დროს ხმების დათვლის გაყალბებამ და სხვა დარღვევებმა გამოიწვია. რუსეთშიც ყველაზე მასშტაბური დემონტრაციები პოსტსაბჭოურ ეპოქაში სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა - 2011 წელს, საპარლამენტო არჩევნების გაყალბება-ფალსიფიცირების შედეგად. ეს სქემა ისევ მეორდება, როცა მოსკოვში ახალი არჩევნებისათვის მზადება დაიწყო. საქმე შემდეგში გახლავთ: ამას წინათ ჩინოვნიკებმა მრავალ ოპოზიციურ კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, რომლებსაც მონაწილეობის მიღება სურდათ 8 სექტემბერს დანიშნული მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებში. ჩინოვნიკები, როგორც ჩანს შეშინდნენ - იფიქრეს, რომ დედაქალაქის ლიბერალურად განწყობილი მცხოვრებლები ოპოზიციის კანდიდატებს მხარს მასობრივად დაუჭერდნენ. მართალია, საპროტესტო აქციები მაინცდამაინც ხალხმრავალი არ აღმოჩნდა, თუმცა იმავდროულად იმის ნიშნებიც არ არის, რომ სიტუაცია ჩაწყნარდა (მართლაც, სამ აგვისტოს მოსკოვში საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართა -  ს.კ.).

მეორე შეცდომა, რომელსაც წარსულში პოსტსაბჭოთა რეჟიმები კრახამდე მიჰყავდა - ეს ჩინოვნიკების დაუსჯელობა და სამართალდამცველი ორგანოების სიმკაცრე გახლავთ. 2012 წელს საქართველოში მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო, ამის მიზეზი კი  იმ ვიდეოკადრების გამოქვეყნება გახდა, რომლის თანახმად, საპყრობილის დაცვის სამსახურის მუშაკები ტუსაღებს აწამებდა. 2013 და 2014 წლებში უკრაინაში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერდა თავიანთი ქვეყნის ევროპული კურსით სვლას, შეიძლებოდა ხალხს ინტერესი დაეკარგათ პროტესტებისადმი, რომ არა პოლიციის მიერ განხორციელებული ღამის თავდასხმები დემონტრანტებზე... სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია სახალხო აღშფოთება. 2018 წელს სომხეთის ლიდერების მოულოდნელი დამხობაც - რომლებიც ხელისუფლებაში 20 წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ - სწორედ სახახლო მღელვარების შედეგად მოხდა.

ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა გადაწყვიტა ისევ შეემოწმებინა თავისი დაუსჯელობის დონე: უშიშროების სამსახურებმა იმდენად აშკარად და მოუქნელად შეთითხნეს საქმე ივან გოლუნოვის - ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომ თავიანთი მოქმედებით მძაფრი კრიტიკა გამოიწვიეს. საბოლოო ჯამში კრემლი იძულებული გახდა იგი დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაეთავისუფლებინა. გასულ კვირას, დემონსტრაციების დასარბევად ძალის გამოყენება და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერის ალექსი ნავალნის მოწამვლის მცდელობას ახალი პროტესტების გამოწვევა შეუძლია.

ადრე ვლადიმერ პუტინი ასეთ პრობლემებს ძალზე იოლად უმკლავდებოდა. რადგანაც მისი რეჟიმი რბილი დიქტატურაა, იგი იშვიათად მიდიოდა რისკებზე, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივი დარბევები და სისხლისღვრა გამოეწვია, ანდა ზედმეტად აშკარად მოეხდინა არჩევნების გაყალბება. 2011 წლის არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება გამონაკლისი იყო, რომლის გადაფარვა მთავრობამ საკმაოდ მოხერხებულად შეძლო: ნება დართო ოპოზიციას ხალხმრავალი საპროტესტო აქციის გამართვაზე, ვლადიმერ პუტინმა კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად ცნობილი უფლებადამცველი ელა პამფილოვა დანიშნა (რომელმაც პრეზიდენტს იმედები არ გაუცრუა).

მაშ, რატომ კარგავს დღეს მოხერხებას ვლადიმერ პუტინი და მისი ამალა? რატომ დასჭირდათ მათ ასე მწვავედ რეაგირება ლიბერალური აქტივისტების მცირე ჯგუფის მცდელობაზე, რომ ისინი მოსკოვის საქალაქო სათათბიროში არჩეულიყვნენ? ეს კითხვა რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს დაუსვათ, რომლებიც მსგავს მოვლენებში ერკვევიან, თქვენ ნამდვილად მოისმენთ საუბარს მემკვიდრეობითობის პოლიტიკის თემაზე. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ვლადიმერ პუტინს აღარ შეუძლია ბალოტირება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ასეთი შორეული პერსპექტივაც კი რუსეთის ელიტაში შეშფოთებას იწვევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ პრეზიდენტისადმი ნდობა კლებულობს, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ კი იმდენად არაპოპულარულია, რომ მან გასულ წელს რამდენიმე ოლქში გუბერნატორების არჩევისას მარცხი განიცადა. „ერთიანი რუსეთის“ წევრები დღეს ამჯობინებენ, რომ არჩევნებში კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარონ. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა ჯერ ისევ სტაგნაციაშია. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ასეთ ვითარებაში რუსი ჩინოვნიკები საკუთარ თავს კითხვას უსვამენ: აქვს თუ არა ისევ ვლადიმერ პუტინს ინსტიტუციონალური და სოციალური სტაბილურობის გარანტიების (და იმავდროულად, მათი - ჩინოვნიკების - პირადი უსაფრთხოების დაცვის) უნარი, როგორც ეს ადრე იყო. თუ პრეზიდენტს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალა აღარ აქვს, მაშინ არჩევნების თავისუფლად ჩატარება შესაძლოა ის ფუფუნება აღმოჩნდეს, რომლის დაშვებას რეჟიმი საკუთარ თავს ვეღარ მისცემს.

საკმაოდ იოლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეუძლია ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას ზემოთ ხსენებული მეორე შეცდომის - სისასტიკისა და დაუსჯელობის დაშვება, რომელმაც ბევრ ქვეყანაში მრავალი პოსტსაბჭოთა ლიდერი კრახამდე მიიყვანა. მთელი 20 წლის განმავლობაში პრეზიდენტი რუსეთი ე.წ. „ძალოვანი სამინისტროების“ მფარველის როლს ასრულებდა და მათ შესახებ ინფორმაციის მიჩუმათებას თავისი მოვალეობების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.

მართლაც სამხედრო დაზვერვის ორმა რეგვენმა თანამშრომელმა გამოიწვია აურზაური დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლასთან დაკავშირებით? ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს მნიშვნელოვანი არ გახლავთ, მთავარი ისაა, რომ  ზოგადად პრეზიდენტმა მსგავსი  მოქმედება დააზღვია. მართლაც ჩეჩენი ლიდერის - რამზან კადიროვის გარემოცვამ მოუსწრაფა სიცოცხლე ცნობილ ოპოზიციურ ლიდერს ბორის ნემცოვს პირდაპირ კრემლის კედლებთან 2015 წელს? პრეზიდენტი ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებდა. თუ რაიმე ეპიზოდზე დავიწყებთ ლაპარაკს რუსული სამხედრო უწყების ჩინოვნიკების, უშიშროების სამსახურის ან პოლიციის თანამშრომლების შესახებ, ვლადიმერ პუტინი, ალბათ, შეეცდება, შეამციროს მათი როლი ან გაამართლოს ისინი, ვინც ამ ბოროტმოქმედების უკან დგას. მაგრამ დღეს ასეთმა სტრატეგიამ - სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის მხარდაჭერამ და განმტკიცებამ, შედეგების მიუხედავად - შეიძლება ვლადიმერ პუტინის გარემოცვას დაუსჯელობის რწმენა შთააგონოს, რასაც პრეზიდენტი მოგვიანებით ინანებს.  ინახავს რა ინფორმაციებს თავის სამომავლო გეგმების თაობაზე საიდუმლოდ (თუ საერთოდ არსებობს ასეთი გეგმები), ვლადიმერ პუტინმა სხვებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ ამიტომ პუტინიზმის შესახებ ამას წინათ ჩატარებულ ერთ-ერთ გამოკვლევას საკმაოდ შიშისმომგვრელი სათაური აქვს - „ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს“. სწორედ ასე ჟღერს არასტაბილურობის ფორმულაც: საზოგადოების მრისხანების აფეთქებისა და ამბოხებისგან ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ერთი ნაბიჯი - ძალაუფლების უხეშად, ბოროტად სარგებლობა აშორებს (რომლის როგორღაც გამართლებასაც, რასაკვირველია, თვითონვე შეეცდება).

თუ კრემლში ახლა მართლაც ისეთი ვითარებაა, რომ „ყველამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს“, პრეზიდენტი, უეჭველია, მიხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ეს ყველაფერი. ახლა ისიც თავის თავს თვითონ მიხედავს.

წყარო:https://www.nytimes.com/2019/08/02/opinion/putin-russia.html