საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით,  პატრიარქის ქადაგება, დედის როლთან დაკავშირებით  საკუთარ მრევლს ეძღვნებოდა, მათ ვინც სულიერ მამას  უსმენს და მის ხმას ცნობს.

ამის შესახებ დეკანოზმა სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ ეკლესიისთვის უცხო სულის მქონე ადამიანები, რომლებიც აბორტის მომხრენი არიან ამაზე არ უნდა ნერვიულობდნენ, რადგან ეს ქადაგება მათთვის არ არის. ისინი მაინც არ გააჩენენ შვილს რათა ერი გამრავლდეს.

საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართუახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას? წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. (იო.10.4). პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს. მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?

რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?

პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში, ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ სიტყვა დაადუმოს.

სალომეამ ჰეროდიას დავალებით სწორედ ამიტომ არ მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ჰეროდესაგან, რომ ამხელდა იოანე ჰეროდიას უსჯულოებას? და წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა (მკ. 6. 27-28)“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, მარიამ მაგდალინელის დღესასწაულზე ქადაგებისას დედის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.