ქუთაისის "ეშმაკის ბორბალზე" უშუქობის გამო ოცამდე ბავშვი და საბაგიროზე ხუთი მგზავრი გაიჭედა

ქუთაისის "ეშმაკის ბორბალზე" უშუქობის გამო ოცამდე ბავშვი და საბაგიროზე ხუთი მგზავრი გაიჭედა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩერებული ე.წ. „ეშმაკის ბორბალიდან“ 20-მდე მოზარდი უვნებლად ჩამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, ატრაქციონიდან ჩამოყვანილი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს.

ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, გაჩერდა წულუკიძის სკვერიდან პარკის მიმართულებით მოძრავი საბაგირო გზაც, რითაც იმ დროისათვის 5 მოქალაქე მგზავრობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხუთივე მათგანს დახმარება უმოკლეს დროში აღმოუჩინეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში