ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება

ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროგრამა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტების ყიდვა გარკვეული ჯგუფებისთვიის ერთ ლარად იქნება შესაძლებელი.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, მედიკამენტებისთვის ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო და სწორედ ამიტომ მთავრობამ ახალი ინიციატივის ამოქმედება გადაწყვიტა.

„ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს. მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად - 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და მათ 35 დასახელების მედიკამენტის მიღება ერთ ლარად შეეძლებათ. ესენია: გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, პარკინსონის, ეპილეფსიის, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვების დაავადებების სამკურნალო საშუალებები.