რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილია მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, პერმანენტულად ირღვევა ადამიანის უფლებები - თურქული მედია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილია მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, პერმანენტულად ირღვევა ადამიანის უფლებები - თურქული მედია

თურქეთის ინგლისურენოვან ყოველდღიურ გაზეთ «Daily Sabah»-ში, საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით,  გამოქვეყნდა ვრცელი სტატია (ავტორი - გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს ელჩი ანკარაში), რომელშიც გადმოცემულია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები და სიტუაციის მოგვარების პერსპექტივა: საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული სიტუაცია, კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების მცდელობები... სტატიაში ასევე ყურადღება ეთმობა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საგარეოპოლიტიკურ კურსს - დასავლეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიმდინარე წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავი აღინიშნება: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია საქართველოში შემოიჭრა და ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. ამ ნაბიჯით მოსკოვი შეეცადა ე.წ. „ახალი რეალობის“ შექმნას, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს...  ოკუპაცია დღესაც გრძელდება... ფაქტიურად კი რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ანექსია მოახდინა და თავის სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემაში მოაქცია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავიანთი მდგომარეობით თითქმის არაფრით აღარ განსხდვავდებიან რუსეთის ჩრდილოკავკასიური სუბიექტებისაგან.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილია მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, პერმანენტულად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება, გრძელდება მათი დისკრიმინაცია... სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს იმ მმიზნით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას გაეცნონ,  რუსეთის ხელისუფლება იქ შესვლას უკრძალავს. თვით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებსაც კი არ აქვთ ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება.

ამასთან, რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ოფიციალური თბილისის ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის - აგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაწყვეტად, თუმცა რუსეთის წინასწარგანზრახული მცდელობების გამო - მოახდინოს ჰუმანიტარული პროცესების პოლიტიზება - ჟენევის დისკუსიები სიძნელეებს აწყდება.

საქართველო აქტიურად ახორციელებს შერიგებისა და ოკუპაციის ხაზზე ნდობის განმტკიცების პროცესს, პრაქტიკაში რეალიზდება გრძელვადიანი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ანუ მათთვის ისეთივე კეთილდღეობის დონის შექმნას, რითაც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები სარგებლობენ ევროსტრუქტურებთან ინტეგრირების წყალობით.

2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო წარმატების მიღწევა დემოკრატიულ გარდაქმნებში, ეკონომიკურ განვითარებაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოში გაწევრიანება საქართველოს ეროვნული არჩევანია და მას მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. საქართველო აქტიურ დიალოგშია ჩაბმული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მასთან თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება.

საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც დღეს არის. ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი შედეგია უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, რითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა. ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებისათვის. ამ მხრივ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი აქვს დაკავებული.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილადაა დაინტერესებული კონსტრუქციული და მშვიდობიანი მოლაპარაკებით რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან, კონფლიქტების დეესკალაცია და მათი მოგვარება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და უპირველესად - საქართველოს ტერტორიის მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იმავდროულად საქართველოში და კავკასიის რეგიონში მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა თანმიმდევრული დარჩეს და მოსკოვს აჩვენოს: მიუღებელია რუსეთის ისეთი რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც მისი სუვერენული მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენაა მიმართული.

 

წყარო:https://www.dailysabah.com/op-ed/2019/08/07/georgias-reconciliation-policy-and-democratic-transition-11-years-after-the-august-2008-occupation