ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვახერხეთ და უკან იქნა გაწვეული ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება- დავით ზალკალიანი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვახერხეთ და უკან იქნა გაწვეული ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება- დავით ზალკალიანი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრას განვიხილავთ როგორც რუსეთის ერთგვარ მცდელობას, ლეგიტიმაცია მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს ახალი არ არის და მსგავსი სახის შეხვედრებსა და ფორმატს ისინი აქამდეც მიმართავდნენ.

„მინდა, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააცნობიეროს, რომ არანაირი სამართლებრივი ძალა ასეთი სახის ურთიერთობებს არ გააჩნია, რადგანაც მთლიანად მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, არშემდგარი ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ მიმართულებითაც მათი პოლიტიკა წარუმატებელია და ჩვენი პოლიტიკა, არაღიარების პოლიტიკა არის უაღრესად წარმატებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაწვეული იქნა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

„ამაზეც მეტყველებს ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვახერხეთ და უკან იქნა გაწვეული ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ვენესუელასთან. დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც დემოკრატიული ტრანზიციის გზით, მოვა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ვენესუელაში და მათი მხრიდანაც გვაქვს რწმუნება, რომ გაწვეული იქნება აღიარება“, – განაცხდა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მცდელობა არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან საერთაშორისო სამართალი საქართველოს მხარეს არის.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი არანაირ შედეგს არ გამოიღებს, მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რადგანაც საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის. საერთაშორისო სამართალი კატეგორიულად გმობს ოკუპაციას, ანექსიას, ამ პოლიტიკის მიუღებლობას და ამაში ჩვენ გვაქვს სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა, როგორ  სტრატეგიული პარტნიორების, ასევე მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების“, – აღნიშნა დავით  ზალკალიანმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.