სააკაშვილს ბავშვობიდან სძულდა ტროლეიბუსი და ტრამვაი, მიზეზიც ჰქონდა - რატომ გაუქმდა თბილისის ელექტროტრანსპორტი

სააკაშვილს ბავშვობიდან სძულდა ტროლეიბუსი და ტრამვაი, მიზეზიც ჰქონდა - რატომ გაუქმდა თბილისის ელექტროტრანსპორტი

რუსეთის და დსთ-ის ქვეყნების საერთაშორისო ტელეკომპანია Мир-24-მა 6 აგვისტოს ეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი თბილისში საქალაქო ტრანსპორტის შესახებ, უფრო ზუსტად კი, ყოფილი ელექტროტრანსპორტის - ტრამვაი-ტროლეიბუსების მდგომარეობის თაობაზე (ავტორი - მიხეილ რობაქიძე).

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას შემოკლებული სახით:

 „მცხეთა, საქართველოს ძველი დედაქალაქი. აქედან სულ ორიოდე კილომეტრია ჯვრის მონასტრამდე და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე... გზის ნაპირზე ბალახებში თავის სიცოცხლეს ამთავრებს უკანასკნელი თბილისური ტროლეიბუსი - გაძარცული ჩეხური „შკოდა“ ნელ-ნელა ჟანგდება და საწყალი მზერით შეჰყურებს ჯვრის მონასტერს, რომელსაც თავის პოემაში „მწირი“ მიხეილ ლერმონტოვი უმღეროდა: „იქ, სადაც ერთვიან და ხმაურია, ჩაჰკვრიან ერთურთს ისე, ვით დები მტკვრის წყალს და ტალღებს არაგვის წყლები, ნახავთ მონასტერს.... დიახ, მონასტრიდან გადმოსახედი მშვენიერია, მაგრამ ტროლეიბუსს ადგილიდან დაძვრა უკვე აღარ შეუძლია - არც საბურავები აქვს და აღარც ძრავა...

პრეზიდენტის სიძულვილი და „სანდრაბუსები“

თბილისის ტროლიბუსებმა თავიანთი არსებობა ისე დაასრულეს, რომ 70 წლამდე ერთი წელი დააკლდათ. 2006 წლის დეკემბერში დედაქალაქის მერიის მაშინდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მიწისზედა ელექტროტრანსპორტი ლიკვიდირებული იქნა. ტროლეიბუსის ბედი მისმა უფროსმა მეგობარმა - ტრამვაიმაც გაიზიარა, რომელიც იმ დროისათვის უკვე 102 წლისა იყო. სატრანსპორტო რეფორმის იდეა მიხეილ სააკაშვილისაგან წამოვიდა, - იხსენებს ექს-პრეზიდენტის თანაკლასელი, პუბლიცისტი და ტელეწამყვანი ლალი მოროშკინა, - მიშიკოს ბავშვობიდან სძულდა ტროლეიბუსი და ტრამვაი და ამისათვის მას მიზეზებიც ჰქონდა“.

„ჩვენ, თანაკლასელებს, სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, გვიყვარდა ხოლმე ტროლეიბუსით სეირნობა და მუშტაიდის პარკში წასვლა - იქ იყო საქანელები, კარუსელები, ეშმაკის ბორბალი... და კიდევ გემრიელი ნაყინი და ლიმონათი. მიშას კი დედიკო ჩვენთან ერთად არ უშვებდა, სკოლიდან ბებიას მიჰყავდა სახლში ხელჩაკიდებული. მიშა ძალიან ბრაზობდა და გვეუბნებოდა - ჩემი ნება რომ იყოს, ტრანსპორტს საერთოდ გავაჩერებდი, რომ თქვენ არ ისეირნოთო“.

ფაქტია, რომ წლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შური იძია და არა მხოლოდ თანაკლასელებზე, არამედ ყველა თანამოქალაქეზეც - თბილისი ელექტროტრანსპორტის გარეშე დარჩა, ქუჩებში კი ექსპლოატაციის ვადაგასული ჰოლანდიური ყვითელი ავტობუსები გამოჩნდნენ, რომლებსაც თბილისელებმა „სანდრაბუსები“ დაარქვეს - მიხეილ ნიკოლოზოვიჩის ცოლის, სანდრა რულოვსის „პატივსაცემად“, რომელიც წარმოშობით ჰოლანდიელია.

ტრამვაის როლი და ადგილი კორუფციულ სქემაში

2010 წელს თბილისში ელექტროტრანსპორტი ისევ გაიხსენეს და ქალაქის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ტრამვაის ხაზები აღვადგინოთო. იმ დროისათვის დედაქალაქში ტრამვაისა და ტროლეიბუსის ყველა დეპო უკვე განადგურებული იყო: ზოგიერთის ადგილზე საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ცენტრები ააშენეს, ზოგი კი უდაბურ ადგილად და სანაგვედ გადაიქცა. მოძრავი შემადგენლობა ჯართად ჩამოწერეს და თურქეთში გაყიდეს. ჯართადქცეულ ტრამვაი-ტროლეიბუსებთან ერთად საზღვარგარეთ გაიტანეს ათობით კილომეტრიანი ფოლადის რელსები და სუფთა სპილენძის საკონტაქტო სადენები. მათი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, რასაკვირველია, ბიუჯეტში არ შესულა... სამაგიეროდ, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამი მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი, მაგრამ არა ტრამვაი-ტროლეიბუსების ხაზების აღსადგენად, არამედ პროექტის შესადგენად.

„ეს დიდი კორუფციული სქემა იყო, - ამბობს ურბანისტი დავით გავაშელი, - ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს ევროპელი სპეციალისტების მოწვევა, რომლებსაც ახალი ტრამვაისათვის მარშრუტები უნდა შეედგინათ. მათ ძალიან მაღალი ხელფასები მიიღეს, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ. კონტრაქტორ კომპანიას კარგად ესმოდა, რომ ქალაქის მესვეურები „ფულს რეცხავდნენ“, ამიტომ თვითონაც განსაკუთრებით არ აქტიურობდა. აქაურებმა და იქაურებმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული „აითვისეს“ - გაიყვეს და წავიდ-წამოვიდნენ. ტრამვაის ხაზების პროექტი კი არ განხორციელებულა“.

ახალ თბილისურ ტრამვაის ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა ქალაქის ცენტრი და საცხოვრებელი კვარტლები. თითქოსდა დაგეგმილი იყო თანამედროვე ევროპული ვაგონების შესყიდვა, ჰიდრავლიკითა და ხმაურდამცავის სისტემებით აღჭურვილი, მაგრამ დრო მიდიოდა. 2012 წელს კი, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, პროექტს და დახარჯულ თანხას უკვე არავინ არ იხსენებდა.

ტრამვაის ხაზების ამუშავების ნაცვლად თბილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის ამ სახეობისათვის ძეგლის დადგმა გადაწყვიტა: დედაქალაქის ცენტრში, განახლებულ „ორბელიანის უბანში“ ბელგიური ფირმის „ჰელიოსის“ მიერ გამოშვებული ძველი ტრამვაის ვაგონის მაკეტი დადგეს, რომლის მსგავსი თბილისში 1904 წელს მოძრაობდა. ტრამვაის ვაგონს მე-19 მარშრუტის ფირნიში გაუკეთეს.

„რატომ 19 ნომერი, არ ვიცი. მე აქ მთელი ცხოვრება გავატარე და მახსოვს, რომ ხუთი ნომერი ტრამვაი დადიოდა. ეს ცნობილი მარშრუტია და ბევრ ქართულ ფილმშია გადაღებული. ხუთი ნომრით ვაგზლამდე მიხვიდოდი, შემდეგ კი ცხრა ნომერი ტროლეიბუსით - უნივერსიტეტამდე. დღეს მერიაში ახალგაზრდები მუშაობენ, ასეთი დეტალები არ იციან, ეკითხათ მაინც უფროსი ასაკის თბილისელებისათვის. 19 ნომერი ტრამვაი თბილისში საერთოდ არ იყო“, - ამბობს ისტორიკოსი ნათელა ბერიძე.

„ტრამვაი-მემორიალი“, „ტრამვაი-ძეგლი“ - ასე მონათლეს თბილისელებმა რეტრო-ვაგონის მაკეტი, რომელიც მაინცდამაინც არ მოსწონთ. სამაგიეროდ, ტურისტები სიამოვნებით იღებენ ფოტოსურათებს ძველი ტრამვაის ფონზე.

იქნება თუ არა თბილისში ტრანსპორტის მუზეუმი?

თბილისის მერიის საიტზე გაჩნდა გვერდი, რომლის მეშვეობით დედაქალაქელებს შესაძლებლობა აქვთ დაწერონ ის, რაც, მათი აზრით, თბილისს აწუხებს და საჭიროა გაკეთდეს - დაწერონ პრობლემებზე, ნაკლოვანებებზე, სურვილებზე. ბევრმა გამოხატა სურვილი, რომ შეიქმნეს ქალაქის ტრანსპორტის ისტორიის მუზეუმი და ყველაზე საპატიო ადგილზე სწორედ ის ტროლეიბუსი დაიდგას, რომელიც მცხეთასთან, ყველასაგან მიტოვებული, თავისი  სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის.

„მე მარტო არ ვარ, - აღნიშნავს იდეის ავტორი ბექა ნატროშვილი, - მრავალი თანამოაზრე მყავს, რომლებსაც ელექტროტრანსპორტი გვიყვარს. საბჭოთა საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტებს დიდი ყურადღება ექცეოდა... ახლა კი ქუჩებში კვამლი და ჭვარტლი დგას ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისაგან“.

ელექტროტრანსპორტის მოყვარულები ჯერ-ჯერობით თავიანთ ვირტუალურ სატრანსპორტო მუზეუმს ქმნიან - აგროვებენ თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების ძველ ფოტოსურათებს, ვიდეოებს, მაკეტებსა და მასშტაბურ მოდელებს, ყველაფერს ინტერნეტის ვებ-გვერდზე აქვეყნებენ. ელექტროტრანპორტის ფანატები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან ფინჯან ყავაზე და იმ ლურჯ ტროლეიბუსზე ოცნებობენ, რომელსაც ბულატ ოკუჯავა სიყვარულით უმღეროდა.