აფხაზები არეულობამ, ტურისტები კი პანიკამ მოიცვა

აფხაზები არეულობამ, ტურისტები კი პანიკამ მოიცვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ბატონკაცურ - „ნამესტნიკურად“ ჩაბრძანებული გავრილოვის საქციელით აღშფოთებული ქართველების „შიშით“და საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების „მწარე ხვედრით გულდათუთქული“ პუტინის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკძალვამდე კარგა ხნით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მოქალაქეებს  „მამობრივი მზრუნველობით“ ურჩევდა ჩვენ ქვეყანაში ვიზიტებისგან თავის შეკავებას. სანაცვლოდ, საქართველოს ერთ-ერთ დროებით ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ, აფხაზეთში რუსი ტურისტების ლამისაა ძალით შერეკვას რუსეთის ფედერაციაში, საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ხასიათი მიეცა.

მშობლიური საგარეო უწყების  გულის მოსაკლავად სრულიად რუსობა არაფრად აგდებდა მის ზრუნვას და საქართველოსკენ ზღაპრულ ელდორადოს მსგავსად დედაბუდიანად დაძრული  ტურისტები  მათივე ხელისუფლების ვერსიით წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ავსებდნენ „მტრული“ საქართველოს შემოსავლებს. აი, აფხაზურმა „ტურინდუსტრიამ“ კი  საგრძნობლად იზარალა და ოფიციალური რუსული პროპაგანდის აღფრთოვანებული პატაკების საპირისპიროდ მოუვლელობისგან დაბინძურებული ,ერთ დროს კოპწია პლაჟები ერთბაშად დაცარიელდა ადგილობრივი კრიმინალების შიშით დაზაფრული რუსი დამსვენებლებისგან.

...მაგრამ დადგა „ ჭეშმარიტების ჟამი“ და „გავრილოვის ინცინდენტის“ შემდგომ პუტინის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით ფრთაშესხმულმა ოკუპირებულ-კორუმპირებული აფხაზეთის „ლიდერებმა“ როგორც იქნა შვებით ამოისუნთქეს. აფხაზეთის დიდი „ტურისტულ მექად“ გადაქცევას სოხუმის ათწლეულობით მიგდებული აეროპორტის აღორძინების იდეაც მიაშველეს ამასწინათ სოჭში გუგულებივით ჩამომსხდარმა პუტინ-ხაჯიმბამ.

მაგრამ კაცი ბჭობდაო ნათქვამია... ამასობაში „რესპუბლიკა აბხაზიაში“ პოლიტიკური ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თვით სიცრუის ტირაჟირებაში გაწაფული, ჟურნალისტებად წოდებული რუსი პროპაგანდისტებიც ვეღარ გაექცნენ სიმართლის აღიარებას.

 ქვემოთ გთავაზობთ ჟურნალისტ ვლადიმერ ვორსობინის სტატიას, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ ვითარებას ეძღვნება.

„მღელვარე სულის ქვეყანაში“, როგორადაც აფხაზეთს მოიხსენიებენ ისევ ღვთის რისხვაა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი (ჩვენებურად საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი) რაულ ხაჯიმბა სახელმწიფო გადატრიალებაზე ალაპარაკდა.

ტურისტული სეზონის დადგომისა და დამსვენებლების გარეშე დარჩენის რისკის მიუხედავად, სოხუმში ოპოზიციამ ხალხი სამიტინგოდ შეკრიბა. რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზები რამოდენიმე საათით გადაიკეტა პროტესტში მონაწილეთა მიერ. საქართველოს საზღვრისკენ კი გზა ამჟამადაც ბლოკირებულია. აფხაზეთის გზებზე მრავალკილომეტრიანი საცობები წარმოიქმნა. პრეზიდენტის სასახლესთან კი უვადო აქცია მიმდინარეობს მისი გადადგომის მოთხოვნით. ხაჯიმბამ კი მოსახლეობას გამძლეობისა და ყურადღებისკენ მოუწოდა.

მორიგ აფხაზურ რევოლუციაში ის კი არაა იმდენად გასაკვირი, რომ ხაჯიმბას, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ, ისედაც უმთავრდება ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, არამედ მთავარი ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის შექსპირისეული ისტორია. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბჟანია ჰოსპიტალიზირებულ იქნა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. აფხაზეთში კი მძვინვარებს ხმები მისი მოწამვლის თაობაზე, თუმცა რუსი ექიმების მტკიცებით მას პნევმონიის მწვავე ფორმა დაუდგინდა. მოწამვლის ვერსიას ოფიციალური სოხუმიც უარყოფს, რომელმაც სპეციალური საგამოძიებო კომისიაც შექმნა. ოპოზიცია კი არ ცხრება და საპრეზიდენტო არჩევნების საშემოდგომოდ გადატანას ითხოვს, რათა ბჟანიამ მასში მონაწილეობა შეძლოს.

პარლამენტმა, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ვადის შეცვლაზე უარი განაცხადა, ოპოზიციამ კი ხელისუფლების დასამხობად აპრობირებულ ხერხს, „სახალხო კრების“ მოწვევას მიმართა და მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა. (აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ ხაჯიმბაც ზუსტად ამ ხერხით მოვიდა ხელისუფლებაში.)

უნდა ითქვას, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, რევოლუციონერებს ამჟამად ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ. აფხაზები შიშობენ, რომ „ამ იდიოტების“ გადამკიდე ჩაეშლებათ ტურისტული სეზონი. მათი აზრით, საჭირო არაა რესპუბლიკის წამება, უკეთესობა მაინც არ იქნება, რადგან ყველა ძალაუფლებისთვის იბრძვის და არა ხალხისთვის.

სამთავრობო შენობების  და გზების ბლოკირება, ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვებში ჩათრევის მცდელობა იმაზე მეტყველებს, რომ დაპირისპირებული მხარეები გადამწყვეტი ბრძოლისთვის არიან მზად. ჯერ უპასუხოდ რჩება კითხვა თუ სად გაიმართება ეს ბრძოლა - საარჩევნო ურნებთან თუ ქუჩაში.

როგორც ჩანს აფხაზეთს ცხელი ზაფხული ელის, რასაც რუსებიც აღიარებენ, მაგრამ არავინ პასუხობს კითხვას თუ რითაა რუსი ტურისტებისთვის უფრო უსაფრთხო თვითგამოცხადებულ ე.წ. რესპუბლიკში დასვენება, რომელიც რუსული ოკუპაციის წყალობით გავერანების პირასაა მისული, ვიდრე საქართველოში მოგზაურობა, სადაც რუს ტურისტებს გულღიად და პატივისცემით ეპყრობიან.

 

პუბლიკაცია მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა