ომის დროს ან დაშვებულია სავალალო შეცდომები, ან მოხდა რუსეთთან გარიგება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ- გია ვოლსკი

ომის დროს ან დაშვებულია სავალალო შეცდომები, ან მოხდა რუსეთთან გარიგება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ- გია ვოლსკი

რუსეთის ინტერესების რეალიზაცია თვალსაჩინოა 2006 წლიდან მოყოლებული, როცა ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი მხარში გვედგნენ და ჩვენი ხელისუფლების მიმართ კონკრეტული წინადადებები ჰქონდათ, როგორ უნდა დაეძლიათ, რუსეთის წინააღმდეგობა, მაგრამ როცა მათ არც ერთ რეკომენდაციას გაითვალისწინებ და იმ გზით წახვალ, რაც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, ეჭვები შეგექმნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა აგვისტოს ომის თაობაზე.

ვოლსკის თქმით, უფრო მსუბუქი ფორმა იქნებოდა, რომ განვითარებულ მოვლენებს სავალალო შეცდომები დაერქვას.

„ვითარების სრული ანალიზი და საპარლამენტო საგამოძიები კომისიის მხრიდან დოკუმენტების შესწავლა გვარწმუნებს იმაში, რომ ან დაშვებულია სავალალო შეცდომები, ან კონსპირაცია და რუსეთთან გარიგებაა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. არ ვისურვებდი, რომ მეორე შეხედულება იყოს დამტკიცებული, მაგრამ ყველა განცხადება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვისმენთ, მათ შორის დასავლეთის მიმართ ბრალდებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ან გათვლილი არ ჰქონდა, რასთან შეიძლება სახელმწიფოს ჰქონოდა საქმე და ან არ წარმოედგინათ, როგორი დოზით შეიძლებოდა სახელმწიფო დაზარალებულიყო, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებოდნენ. ან მართლაც, რუსეთმა თავისი ინტერესები ხელისუფლების მეშვეობით გაატარა“, – დასძინა ვოლსკიმ.